ტიკარაძე: ვაქცინაციის ეტაპი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იწყება

საქართველო კორონავირუსის ეპიდემიას გაუმკლავდება, თუ მოსახლეობის სულ მცირე 60% აიცრება, ამისთვის კი საჭიროა 3,5–3,9 მლნ დოზა ვაქცინა.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მასობრივი ვაქცინაცია ივლისის შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გახსნილიყო რეგისტრაციის ფანჯარა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

  • მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ხვალ, 30 აპრილს კორონავირუსის საწინააღმდეგო Astrazeneca-ს  ვაქცინის 43 ათასი დოზა შემოვა, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, ასევე დამატებით 43 ათასი დოზა შემოვა მაისის პირველ ნახევარში.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, ამ დროისათვის ქვეყანაში არის 100 ათასი ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა, დამატებით იგეგმება 250 ათასი დოზის მოწოდებაც.

ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, „კომენდანტის საათი" და სხვა შეზღუდვები მოიხსნას>>

„ასევე მოლაპარაკებები გვაქვს Moderna-სთან და Pfizer-თან. ერთ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რაოდენობა, მეორე შემთხვევში კი რაოდენობა ზუსტდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ტიკარაძის განცხადებით, მოლაპარაკებები სხვა ვაქცინების მწარმოებლებთანაც გრძელდება და ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება.

საქართველო ჩინური ვაქცინის - Sinovac-ის პირველ პარტიას 29 აპრილს მიიღებს

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.

29 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 43.568 ადამიანი.