თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. როგორც კი მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა ოპოზიციასთან შეთანხმების დოკუმენტს, რომელსაც პოლიტიკური კრიზისი უნდა მოეგვარებინა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მისი განახლება გადაწყვიტა.
მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, წინამორბედის მსგავსად, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ მათგანში არსებითი კორექტივებია შეტანილი - გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლების პირობა.
დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს, თუ 2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს.
დოკუმენტის წინა ვერსიაზე ხელმოწერისას მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ის დათანხმდება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
ახალ დოკუმენტში მითითებულია ასევე, რომ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა წამოწიოს ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას.
ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან ერთად არის იმ პირთა გათავისუფლება, რომელთაც იგი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელს გიორგი რურუას.
„ქართული ოცნების“ განცხადება
ახალ დოკუმენტზე საკუთარი პოზიცია მმართველმა პარტიამ ოფიციალური განცხადებით დააფიქსირა და შარლ მიშელის განახლებული შეთანხმების განხილვის მზადყოფნა გამოთქვა.
„მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40-პროცენტიანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ პარტიებს შორის შეთანხმებაში გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა არის „მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი“.
„ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში არის მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას „პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“ მოუწოდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარმოდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც, განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციის რეაქცია
ოპოზიციური პარტიები შიდა კონსულტაციებს იწყებენ. ამ ფლანგში აცხადებენ, რომ დოკუმენტის ახალი ვარიანტი გაუმჯობესებულია, თუმცა გარკვეული პუნქტები კვლავ კითხვებს ბადებს.
„დღევანდელი დოკუმენტი არის გარკვეულწილად გაუმჯობესება იმასთან შედარებით, რაზეც იყო საუბარი მოლაპარაკებების უკანასკნელ რაუნდზე, პოლიტპატიმრებთან მიმართებით ბევრად უფრო მკაფიო არის გზა მათი გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების თემაც აისახა დოკუმენტში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოსაც“ გააჩნია.
„განსხვავებით წინა დოკუმენტისგან, გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე მკაფიოდ საუბარი. ძალიან კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში, რაც ვნახეთ, იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით. ანუ საკვანძო საკითხში, პოლიტპატიმრების არის ის ტესტი მოცემული, რომელიც... არის მკაფიო... რასაკვირველია, პოლიტიკურ პარტიაში გვექნება კონსულტაციები“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
დოკუმენტის წინა ვერსიასთან შედარებით, ახალ ვარიანტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რაც დოკუმენტს უკეთესს ხდის, ფიქრობს „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
„ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მექანიზმს, როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ეს არის ბმა ადგილობრივ არჩევნებთან. მე ახლაც მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად. ახლაც მიმაჩნია, რომ 43 პროცენტი არის ალოგიკური რიცხვი, ვინაიდან სრულიად ლოგიკური იქნებოდა ყოფილიყო 48 პროცენტი, ანუ იგივე, რაც „ოცნებამ“ აიღო საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, ბაქრაძის თქმით, ოპოზიციამ მნიშვნელოვანწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა - ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხიდან გამოვლენ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში.
ამასთან, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიაში უკვე ღიად აცხადებენ, რომ გეგმავენ შეთანხმების ხელმოწერას. ეს პარტიებია „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„მინდა გითხრათ, შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ... ეს არ იყო მარტივი პროცესი, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. დაიწყო გადატვირთვის პროცესი, რასაც „ლელო“ ყოველთვის ამბობდა. ამ დოკუმენტის შემდეგ ქვეყანაში ახალი გადატვირთვა დაიწყება, რაც გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზაციაში, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დოკუმენტს პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერეს „გირჩის“ წევრებმა - ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ.
„მოდით, ჩვენ მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია და ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ. ჩვენ მოვაწერეთ ხელი, თქვენც შეგიძლიათ, მოგვბაძოთ“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ ასე ხალხს ეცოდინება, რომ „გირჩის“ წევრები დესტრუქციული ადამიანები არ არიან და შეთანხმებას ემხრობიან.
რას ფიქრობენ ექსპერტები
ანალიტიკოს ლევან ნიკოლაიშვილის აზრით, გაუგებარია, რომ დოკუმენტში ცვლილებები შევიდა მას შემდეგ, რაც მას „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი.
„რა ვქნათ, ძვირფასო მედიატორებო? მანამდე უნდა ცვალოთ შეთანხმების ვარიანტები, სანამ ნაცებს არ მოეწონებათ? რაც შეეხება მართლმსაჯულების საქმეებს, როგორც მახსოვს, დემოკრატიულ ქვეყნებში სასამართლოს დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია და ახალ დოკუმენტში რა წერია? რას ვკითხულობთ? პარტიამ მსჯავრდებულები გაათავისუფლეთო? რაღაც ვერ ვიხსენებ ან ევროპაში ან აშშ-ში ეს მიღებული ფორმა იყოს!“ – წერს ნიკოლაიშვილი თავის Facebook-გვერდზე.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, დოკუმენტის ეს ვერსია საბოლოო უნდა იყოს.
„ევროპაც და პირადად მიშელიც, რომელსაც უკვე შეელახა რეპუტაცია, როდესაც დოკუმენტი შეცვალა და ოპოზიციის კაპრიზებს აჰყვა, აღმოჩნდება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, თუ დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებით მანიპულაციებს დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ამ დოკუმენტსაც არ მოაწერს ხელს“, – ფიქრობს ზაალ ანჯაფარიძე.