საგარეო ვალი იზრდება... ემუქრება თუ არა ქვეყანას დეფოლტი?

ქვეყნის საგარეო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა, ეროვნული ვალუტა უფასურდება, ფასები იზრდება, ცხოვრება ძვირდება... ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროგნოზებისგან თავს იკავებს.
Sputnik

სამსონ ხონელი

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის უკვე 61,3 პროცენტს შეადგენს, რაც რეკორდული ნიშნულია. არახალია! − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება, თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ამ მიმართულებით სიახლეც არის. ფაქტია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ვალი კიდევ გაიზრდება და მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ის 63,8 პროცენტსაც გაუტოლდება. არადა, მკითხველს შევახსენებ, საქართველოს ბიუჯეტის მიხედვით ეს მაჩვენებელი 2022 წლის მიჯნაზე 60,1 პროცენტი უნდა იყოს.  

ვისი ვარაუდი გამართლდება, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ცვლილების პროგნოზსაც გვთავაზობს. კერძოდ, მომავალ წელს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 61,04 პროცენტი იქნება. შემდეგ წლებში კი ეს მაჩვენებელი თანდათან დაიკლებს და 2026 წლისთვის 53,97 პროცენტს გაუტოლდება.

პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია... ანუ სად არის ეკონომიკური კრიზისის გასაღები?

ანუ, თუ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზს მივენდობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2021-2026 წლებში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 7,33 პროცენტით შემცირდება. ბევრია ეს თუ ცოტა? კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია. თუმცა, პატივცემულ მკითხველს ისიც მოეხსენება, რომ ვალის აღებას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე გასტუმრებას.

რატომ გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი? საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის ჯიჰად აზურის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის საგარეო საკრედიტო ვალდებულებების ზრდის მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისია.

„საქართველოს მთავრობამ გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით. ეროვნულმა ბანკმა, თავის მხრივ, COVID19-ის პანდემიით გამოწვეული შოკის ეკონომიკაზე გავლენის შესამცირებლად გონივრულად გამოიყენა გაცვლითი კურსის მოქნილობა. რა თქმა უნდა, ამან საგარეო ვალის გაზრდა გამოიწვია, მიუხედავად ამისა, საქართველოს ვალის მოცულობა კვლავ სტაბილურია“, − განაცხადა ჯიჰად აზურმა.

მისივე თქმით, შექმნილ მძიმე ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ინფლაცია და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე იზრუნოს.

რატომ და რამდენით გაგვიძვირდა ცხოვრება?

„საქართველოში ეკონომიკური აღდგენა ორ პრიორიტეტზე იქნება დაფუძნებული. ეს არის ეკონომიკის დაზარალებული მიმართულებების აღდგენა, ისეთი სექტორების დახმარება, როგორიცაა ტურიზმი. მეორე პრიორიტეტი უნდა იყოს კაპიტალის მომავლის სექტორებში ინვესტირება“, − განაცხადა ჯიჰად აზურმა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკას ასევე დაეხმარება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, როგორიც არის მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება.

ეკონომიკური ზრდის საკითხს შევეხეთ. შეგახსენებთ, რომ იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში ეს მაჩვენებელი 3,5 პროცენტამდე შემცირდება. მომავალი წლისთვის კი 5,8 პროცენტი იქნება. 

ამავდროულად საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიაჩნიათ, რომ ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ ჩამოაყალიბოს ხედვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასთან დაკავშირებით. ეს ერთ-ერთი პირობაა ჩვენი ქვეყნისთვის ამ საფინანსო ინსტიტუტისგან მორიგი პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად. ამის შესახებ გასული თვის ბოლოს განაცხადა ვერა მარტინმა, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა. საინტერესოა, მაინც როგორია ამ საკითხზე თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვა? ვერა მარტინის შეფასებით, რეფორმის მთავარი ამოსავალი სახელმწიფო საწარმოების კარგად მართვა უნდა იყოს. ეს არ არის მყისიერი რეფორმა და მისი გატარება დროს მოითხოვს.

სად მთავრდება დაღმართი, ანუ ვინ დაიჭერს გაქცეულ ლარს?

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი არც ერთ მთავრობას არ ეუბნება – რა უნდა გააკეთოს, ანუ უნდა დაიწყონ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია თუ უნდა დაიტოვონ სახელმწიფო საკუთრებაში. საზოგადოებრივი სიკეთის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული სახელმწიფო საწარმოები შეიძლება საჭირო იყოს იმ სიკეთის შესაქმნელად, რომელსაც კერძო სექტორი ხელს არ მოჰკიდებს. დღეს არსებული ტექნიკური დახმარების ფარგლებში ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება“, − განაცხადა ვერა მარტინმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მართვა იყოს კომერციულ საწყისებზე, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იყოს უმაღლეს ხარისხში და, რაც მთავარია, კარგად იყოს გააზრებული, რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს ცუდი მართვის პირობებში სახელმწიფო საწარმოები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.  

ალო, ყური დამიგდეთ... კითხვა მაქვს თქვენთან...

ამასობაში მიმდინარე კვირა ქვეყანამ საკრედიტო ვალდებულების გასტუმრებით დაიწყო. ორშაბათს საქართველომ ბიუჯეტიდან 500 მილიონი დოლარის კრედიტი დაფარა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვალის დაფარვა და ახალი ვალის აღება გათვალისწინებული იყო. შესაბამისი თანხა ბიუჯეტიდან გადაირიცხა და სესხიც დაიფარა. ახალი ვალის აღებას მთავრობა ისევ ევროობლიგაციების გამოშვებით გეგმავს. მომდევნო კვირაში ტრანზაქცია განხორციელდება, ჩამოირიცხება ის თანხა, რაც ქვეყანამ ევროობლიგაციების გამოშვებით უნდა მიიღოს. 

ვიდრე მთავრობა ერთ ვალს მეორე ვალის აღებით ისტუმრებს, ეროვნული ვალუტა დაბლა ფსკერისკენ ეშვება. სხვა საკითხია, რომ არავინ იცის, სად და რა ნიშნულზეა ეს ფსკერი. კობა გვენეტაძემ თუ იცის? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი ირონიული ტონით. აბა რა გითხრათ, არ მაქვს პასუხი. თავად განსაჯეთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ვის, რატომ და რამდენით გაუძვირდა კრედიტი?

მისივე განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე რაც გავლენას ახდენს, ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც ქვეყანამ ტურიზმის შემოსავლებიდან დაკარგა. როგორც კობა გვენეტაძე გვპირდება, ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს. თუმცა ქვეყნის მთავარი ბანკირი იმასაც მიგვანიშნებს, რომ ფასების ზრდა მეზობელ ქვეყნებშიც შეინიშნება. სავარაუდოდ, რაკი სამეზობლოსაც არ ულხინს, ცხოვრების გაძვირებას ჩვენც გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ლარის კურსი ის გამონაკლისი როდია, რისი პერსპექტივის პროგნოზირებაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეუძლებლად მიაჩნია. კობა გვენეტაძის თქმით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კრედიტების საპროცენტო განაკვეთების პროგნოზირებაც შეუძლებელია.

„საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ზრდა იქნება ეკონომიკაში, იქნება თუ არა ფინანსური რისკები და ა.შ.“ − განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ინიციატივით საპენსიო სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საკითხი განიხილებოდა. კობა გვენეტაძის თქმით, რაკი საკითხი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად სეგმენტს ეხება, ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაატარა.

როგორ შეხვდა ლარი გაზაფხულს?.. რას მოუტანს მერცხალი ეროვნულ ვალუტას?

„საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად შემცირდა. 2012-2013 წლებში კრედიტების ერთი ნაწილი 100-დან 200 პროცენტამდე ეფექტური საპროცენტო განაკვეთითაც კი გაიცემოდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 50-53 პროცენტის ფარგლებში იყო, გარკვეული ტიპის სესხებზე 80 პროცენტიც კი. 2016 წლიდან მოყოლებული, საკრედიტო პორტფელზე საშუალო ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა ეტაპობრივად დაიკლო. ორი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისიდან ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 42 პროცენტიდან 33 პროცენტამდე შემცირდა. საპენსიო სესხების პროცენტის დონე, რომელიც ახლა გვაქვს, უკვე დიდად აღარ განსხვავდება იმ სახელფასო სესხებისგან, რომელსაც საპენსიო ასაკის ქვემოთ ასაკის მოსახლეობა იღებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რა არის ახალი საბანკო სფეროში? კომერციული ბანკების ერთი თვის მონაგარი

საკომიტეტო მოსმენისას მან ისიც გვითხრა, რომ საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს. ერთი სიტყვით, თუ კაცმა თანამდებობა უნდა ინატრო, არ უნდა გასცდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე ოცნებას. ეს, ისე, ხუმრობით, სადაც იყო ბევრი სიმართლე და ცოტაც ხუმრობა. ან, შესაძლოა, პირიქით. დასკვნა თქვენთვის მომინდია. არ დაგიმალავთ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შემყურეს არც წინამდებარე სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე მაქვს ოპტიმისტური პასუხი და, უკეთესი მომავლის იმედით, დროებით გემშვიდობებით...