თბილისი, 24 მარტი – Sputnik. თბილისის მერია ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებს გულდასმით აკვირდება და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერია გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ახორციელებს. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა – ფერდობზე აშკარაა დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. შექმნილი პრობლემის შესასწავლად ქვეყანაში გერმანელ ინჟინერ–გეოლოგთა ჯგუფი ჩამოვიდა.
„მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოსახლეობას ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით. მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას და ექსპერტებს, ნუ გაავრცელებენ დეზინფორმაციას. ჩვენ მაქსიმალურად გაძლიერებული გვაქვს უსაფრთხოების ზომები და ვცდილობთ ტერიტორიაზე მოქალაქეები არ დავუშვათ“, – განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, ამ დროისათვის კვლევაში აქტიურად არიან ჩართული როგორც ადგილობრივი, ისე გერმანელი გეოლოგები.
„მათ დადებითად შეაფასეს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, ორმხრივი მოძრაობის ჩაკეტვა და სამუშაოების შეჩერება. თუმცა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული – მონიტორინგის სპეციალური სისტემის დამონტაჟება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მუნიციპალიტეტს სთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრებითი და სადრენაჟო სამუშაოები. დაწვრილებითი ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი მაშინ გახდება, როდესაც სპეციალისტები პირველადი კვლევის დასკვნას მოამზადებენ – დასკვნა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გასაჯაროვდება.
კალაძემ ასევე დასძინა, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ზოგი მედიასაშუალება მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას და მოსახლეობაში პანიკას თესავს.
„სამწუხაროდ, იძულებული ვარ შეგახსენოთ, რომ ბოლო დღეებში გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას და პანიკას თესავენ. პირველ რიგში, დადიოდა ხმები, თითქოს დედაქალაქის მერია ამ პრობლემას მალავდა ან, პირიქით, საერთოდ არ იცოდა მის შესახებ. საუბარია პრობლემაზე, რომელიც დედაქალაქში რამდენიმე ათეული წელია არსებობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით ამის შესახებ, უფრო მეტიც, ყოველივე ეს გამოქვეყნებული იყო ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tas.ge“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ ვებ-გვერდზე შესაძლებელი იყო თბილისის სხვა პრობლემურ ადგილებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვაც.
კალაძემ თავის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ის სპეციალისტებიც ჩართონ, რომლებიც თბილისში მეწყრული ზონების კვლევებს აწარმოებენ და პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვთ.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მეწყერსაშიში ზონის მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის არანაირი სამუშაო არ განხორციელებულა და არც მომავალშია დაგეგმილი.
გუშინ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული მასა დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება.