Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
ნინო ამილახვარი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 24 თებერვალი სამთავროს ა მონასტრის განმაახლებლის და პირველი იღუმენიის ნინო ამილახვარის ხსენების დღეა.
ნინო ამილახვარი, 1784 წელს სოფელ ჭალაში დაბადებულა. შავი ანაფორა შეუმოსავს მისთვის არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში 1810 წელს, მონაზვნად აღუკვეცავს ეპისკოპოს გერვასის რუისის ფერისცვალების ეკლესიაში 1812 წელს, ხოლო ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით სამთავროში დაფუძნებულა 1820 წლის 10 ნოემბერს.
1820 წელს თავადის ქალი ნინო და რამდენიმე განდეგილი დედა მისულან, აუგიათ სენაკები და ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით დასახლებულან სამთავროში. მონაზვნებს მხოლოდ შემოწირულებით უცხოვრიათ, ამასთან თურმე ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ და მცირე გასამრჯელოსაც იღებდნენ, თავიდან მხოლოდ ოთხნი ყოფილან, შემდეგ კი სხვა დედებიც 1830 წელს სამთავროში სულ 10 დედა მოღვაწეობდა.
ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: "ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონაზონის ნინასსა, რომელმანც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა 11-ს".
ნინო ამილახვარმა ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება. მისმა დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა საეკლესიო მმართველობა, რათა მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი. ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და რამდენიმე ხანში სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა.
სებასტიელი ეპისკოპოსი ვლასი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 24 თებერვალი სებასტიელი ეპისკოპოსის მღვდელმოწამე ვლასის, ხსენების დღეა.
ვლასი მართალი და კეთილმსახური ცხოვრების გამო საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, ამიტომაც ქალაქ სებასტიის მაცხოვრებლებმა იგი ერთსულოვნად აირჩიეს თავიანთ ეპისკოპოსად. წმიდა მღვდელმთავრის მოღვაწეობის ხანა ქრისტიანთა სასტიკი მდევნელების, დიოკლეტიანეს (284-305) და ლიკინიუსის (307-324) მეფობის წლებს დაემთხვა. იგი განამტკიცებდა თავის სამწყსოს, საპყრობილეებში აკითხავდა ტუსაღებს, ამხნევებდა მარტვილებს.
ბევრი ქრისტიანი თავს არიდებდა უსჯულოებს, უდაბურ და კრძალულ ადგილებში იხიზნებოდა. ვლასიც იძულებული შეიქმნა არგეოსის მთისთვის შეეფარებინა თავი და აქ, გამოქვაბულში განეგრძო ღვაწლი. ტყის ნადირები მოდიოდნენ წმიდანთან და მორჩილად ელოდნენ, როდის დაამთავრებდა ლოცვას, რომ მისგან კურთხევა მიეღოთ. დასნეულებულ მხეცებს მღვდელმთავარი ხელის დადებით კურნავდა. ერთხელ, წმიდა მამის თავშესაფარს გადააწყდნენ უღმერთო მმართველის, აგრიკოლას მსახურები. აგრიკოლამ ბრძანა, შეეპყროთ გახიზნულები, მაგრამ მის გამოგზავნილებს მთაში მხოლოდ სებასტიელი ეპისკოპოსი დაუხვდათ. წმიდა მამამ ადიდა უფალი და თან გაჰყვა მეომრებს.
გზად ვლასი სნეულებს კურნავდა და მრავალ სასწაულებს აღასრულებდა. ერთგან გლახაკმა ქვრივმა მას შესჩივლა, რომ მგელმა ერთადერთი მისი ქონება -გოჭი გაიტაცა. ეპისკოპოსმა გაიღიმა და უთხრა: „არ იტირო, შენი გოჭი დაგიბრუნდება. “ და მართლაც, ყველას გასაოცრად, მგელი გამობრუნდა ტყიდან და პატრონს უვნებლად ჩააბარა თავისი ნადავლი.
აგრიკოლა პირფერობითა და ლიქნით შეხვდა წმიდა მამას და მას ღმერთების მეგობარი უწოდა. წმიდანმა მისალმებაზე მისალმებითვე უპასუხა, მაგრამ წარმართულ ღვთაებებს ეშმაკები უწოდა, ამისათვის იგი სასტიკად გვემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.
მეორე დღეს კვლავ აწამებს ნეტარი მარტვილი. როცა ნაწამები მღვდელმთავარი საპყრობილისკენ მიჰყავდათ, შვიდი დედა უკან მიჰყვებოდა მას და სისხლის წვეთებს აგროვებდა. მტარვალებმა შეიპყრეს და საშინლად აწამეს ისინი, მაგრამ ღვთის მადლით დაცულმა დედებმა ახოვნად დაითმინეს სატანჯველები. უფლის ნებით, ხილული სასწაულიც აღესრულა: მათი სხეულები თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან კი რძემ იფეთქა. ბოლოს, წმიდა მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.
წმიდა ვლასი ისევ აგრიკოლას მიჰგვარეს. აქ მან კიდევ ერთხელ ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველმა ბრძანა, ტბაში ჩაეგდოთ ნეტარი მღვდელმთავარი, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა კი ჯვარი გადასახა წყალს და გაიარა მასზე, შემდეგ ნაპირზე მდგარ წარმართებს მიმართა: „თქვენც მოიხმეთ შეწევნისთვის თქვენი ღმერთები და მოდით ჩემთან“. მმართველის 68 რჩეული კარისკაცი გაკადნიერდა და მიბაძა მარტვილს, მაგრამ ყველა წყალში შესვლისთანავე დაიხრჩო. საუკეთესო მსახურების დახოცვით გაცეცხლებულმა აგრიკოლამ განკარგულება გასცა, დაუყოვნებლად თავი მოეკვეთათ წმიდანისთვის. სიკვდილის წინ ნეტარმა მამამ ღმერთს შეავედრა მთელი სამყარო, განსაკუთრებით კი მისი ხსოვნის პატივისმცემლები. წმიდა მღვდელმოწამე 136 წელს აღესრულა. მისი უხრწნელი ნაწილები ჯვაროსნული ლაშქრობების დროს დასავლეთში იქნა გადატანილი და დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია დაფანტული.
დედოფალი თეოდორა
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 24 თებერვალი მართალი თეოდორა დედოფლის, ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელის ხსენების დღეა.
დედოფალი თეოდორა ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (828-842) მეუღლე იყო, მაგრამ არ თანაუგრძნობდა მწვალებელ ქმარს და თაყვანს სცემდა წმიდა ხატებს. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ თეოდორა მცირეწლოვანი შვილის, მიხეილის ნაცვლად განაგებდა ქვეყანას, მან აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, ტახტზე დააბრუნა პატრიარქი მეთოდე და მოიწვია კრება, რომელმაც ანათემას გადასცა ხატმბრძოლები. ამ კრების დადგენილებით, სადიდებლად უფლისა, რომელმაც ეკლესიას ხატმებრძოლებსა და ყველა ერეტიკოსებზე გამარჯვება მიმადლა, დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება. თეოდორამ ეკლესიისთვის ბევრი გააკეთა იმითაც, რომ თავისი ძე – მიხეილი მართლმადიდებლობის ერთგულებით აღზარდა.
როცა მიხეილი წამოიზარდა, დედოფალმა ქვეყნის მმართველობის სადავეები მას გადააბარა, თვითონ კი წმიდა ევფროსინიას სავანეში განმარტოვდა და საღვთო წიგნების კითხვის ღვაწლს მიეცა (ცნობილი მისი ხელით გადაწერილი სახარება). წმიდა თეოდორა გარდაიცვალა დაახლოებით 867 წელს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.