სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა

თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.

სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განახლდა: რა შეიცვალა პროტოკოლში>>

საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში კი იგი 1 თებერვლიდან უკვე აღდგა.

ცნობილია, რომელი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება სავალდებულო სკოლებში პირბადის ტარება

უწყების ცნობით, სასწავლო პროცესის დაწყებას განახლებული რეკომენდაციების მიხედვით გეგმავს თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა. სკოლას განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ეწვია და მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, სამინისტროს მიერ განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს.

რეკომენდაციების მიხედვით, დისტანციური სწავლების მსურველ სსსმ მოსწავლეთა მშობლებსაც შეუძლიათ, დაარეგისტრირონ მოზარდი სპეციალურად შექმნილ პორტალზე და მოსწავლემ სახლის პირობებში, დისტანციური ფორმით განაგრძოს სწავლა.

ბიძინა კულუმბეგოვი: პირბადე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმაც უნდა ატარონ>>

განახლებული რეკომენდაციები სსსმ მოსწავლეებმა პირბადის მოხმარების წესებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. ამის შესახებ მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას.