რატომ არის ეროვნული ბანკი იპოთეკის სუბსიდირების გაგრძელების წინააღმდეგი

იპოთეკური სესხების პროცენტების სუბსიდირების დასრულებას, ფაქტობრივად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების ანალოგიური ეფექტი გააჩნია, ფიქრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. მთავრობის მხრიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას კონტრპროდუქტიული ეფექტი ექნება, რადგან ეროვნულ ბანკს ფულადი პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

  • „სუბსიდირების პროგრამას ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა და მან გამოაცოცხლა ბაზარი. ამ პროექტის შედეგად 2020 წლის მეორე ნახევარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი თითქმის სრულად აღდგა და ეს იყო ფაქტორი იმისთვის, რომ სამშენებლო სექტორს თავიდან აერიდებინა მნიშვნელოვანი რყევები ბინების ფასებში. ბუნებრივია, რომ სუბსიდირების შეწყვეტა იმოქმედებს აქტივობაზე“, – განუცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.

თუმცა, მისი თქმით, არასუბსიდირებული ბინების გაყიდვის დინამიკა იძლევა იმედს, რომ პანდემიის დარჩენილ ფაზაში უძრავი ქონების ფასების მკვეთრი რყევები მოსალოდნელი არ არის.

რას წარმოადგენს იპოთეკის სუბსიდირების პროგრამა

უძრავი ქონების გაყიდვების შემცირების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ 2020 წლის მაისში მოქალაქეებისთვის ბინების შეძენის პროცესის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობამ იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის 70 მილიონი ლარი, ხოლო იპოთეკური კრედიტების პორტფელის სახელმწიფო გარანტიებისთვის 14 მილიონი ლარი გამოყო.

როგორ ავიღოთ იპოთეკური სესხი სახელმწიფო სუბსიდირებით? ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ

2020 წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ბინების შეძენის მსურველებს მთავრობამ დაუფინანსა იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი. 4%-იანი სუბსიდია ხუთი წლის განმავლობაში გავრცელდება 200 ათას ლარამდე გაფორმებულ ყველა საკრედიტო ხელშეკრულებაზე.

გარდა ამისა, კრედიტების გასასტუმრებლად ვადამდელი შენატანების ზრდის, ასევე საპროცენტო განაკვეთის ზრდის თავიდან ასაცილებლად მთავრობამ 2020 წლის ბოლომდე აღებული ყველა კრედიტის 20%-ის გარანტია გასცა. გარანტია შეეხო კრედიტებს, რომელთა პირველი შენატანი არანაკლებ 10%-ს შეადგენდა.

პროგრამა 2020 წლის მიწურულს დასრულდა.

„სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას კონტრპროდუქტიული ეფექტი ექნება, რადგან ეროვნულ ბანკს დამატებით პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს. შესაბამისად, დეველოპერულ სექტორზე გაწეული ხარჯის გადახდა დაეკისრება სხვა არანაკლებ დაზარალებულ სექტორებს. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ეს ავიცილოთ, ვფიქრობ, მსგავსი პროგრამის გარეშე გაცილებით პოზიტიური შეიძლება იყოს ფისკალური დისციპლინაც“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს მოსახლეობა კრედიტით ცხოვრების მიხედვით რეკორდებს ხსნის>>

მისი აზრით, საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირების დასრულებას, ფაქტობრივად, ფულადი-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების ანალოგიური ეფექტი გააჩნია.

რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა გაიზარდოს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოთხშაბათს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად – 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

  • მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისათვის.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი მომავალში ინფლაციაზე ზეწოლის ზრდას ვარაუდობს და, შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გეგმავს განაკვეთის გაზრდას, და არა მის შემცირებას.

როგორ იმოქმედა იპოთეკის სუბსიდირების პროგრამამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე

„შესაძლოა ველოდოთ, რომ ჯამური მიწოდება საქართველოს ეკონომიკაში, ალბათ, გაიზრდება, რადგან გაიზრდება მოთხოვნა კრედიტებზე. ეკონომიკა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან გაიხსნება, იქნება ზრდა ტურიზმის სფეროში, ეკონომიკურ საქმიანობაში. თუმცა იმ მოცულობით არა, როგორიც 2019 წელს იყო. შესაბამისად, გაიზრდება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნაც და ეს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ბიძგს მისცემს ფასებისა და ინფლაციის ზრდას“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ცომაიამ.

მისი აზრით, ეროვნულმა ბანკმა უნდა იფიქროს რეზერვების გაყიდვასა და რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებაზე.

ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა>>

„განაკვეთის გაზრდა არ ღირს, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში დღეს ახალ კრედიტებზეა დამოკიდებული, რათა ხელახალი ეკონომიკური საქმიანობა წამოიწყონ. ეროვნულ ბანკს ვურჩევდი უფრო აგრესიული მეთოდების გამოყენებას და პროცენტის განაკვეთის შენარჩუნებას“, – აღნიშნა ექსპერტმა.

საქართველოში „უიმედო" სესხების მოცულობა იზრდება

ცომაიას აზრით, შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა ლარის კურსზე აისახება.

„ეკონომიკის გამოცოცხლება ნიშნავს მოთხოვნის გამოცოცხლებას საქონელსა და მომსახურებაზე, სადაც დიდი წილი იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის. და ვინაიდან ჩვენ ჯერ უნდა ველოდოთ შემოსულობებს ტურისტებისგან, ასევე საქონლის ექსპორტს, გაიზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზეც. ეს კი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევს“, – განაცხადა ცომაიამ.

ამის თანმდევი ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ექსპერტის აზრით, ეროვნულმა ბანკმა კი არ უნდა გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, არამედ უფრო აქტიურად უნდა გაყიდოს ვალუტა რეზერვებიდან.