მხედრით სვლა „მოქალაქეებისგან“ – რა ხდება საქართველოს პარლამენტში

როგორი საარჩევნო რეფორმა იგეგმება საქართველოში და შეძლებს თუ არა პარლამენტი მის დამტკიცებას ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტის ფონზე?
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. პარტია „მოქალაქეები“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდნენ, დანარჩენი ოპოზიცია კი მანდატების გაუქმებას და რიგგარეშე არჩევნებს ელოდება.

დღეისათვის რვა ოპოზიციური პარტიიდან 51 დეპუტატს მანდატების დათმობის შესახებ განცხადება აქვს დაწერილი. ისინი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლის მთავარ პირობად კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ასახელებენ.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

მართალია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დააკმაყოფილა ოპოზიციონერი დეპუტატების განაცხადები, მაგრამ მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„კონსულტაციები გაგრძელდება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, დასძინა, რომ მანდატების გაუქმების საკითხი 2 თებერვლის კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება.

საქართველოს ხელისუფლება VS ოპოზიცია: არსებობს თუ არა მოლაპარაკების იმედი>>

ჯერჯერობით კი „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პარტია „მოქალაქეების“ დათანხმება პარლამენტში შესვლაზე და მასთან საარჩევნო რეფორმის გატარების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

შეთანხმების დეტალები

„მოქალაქეებისა“ და „ქართული ოცნების“ შეთანხმების თანახმად, საარჩევნო რეფორმის გატარებამდე შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ საპარლამენტო პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.

ელისაშვილი: ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა და ახლა გზებს ეძებენ

ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს შესწორებების მომზადება და მათი მიღება 1 მაისამდე უნდა მოხდეს.

ამგვარად, არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრი საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში გათვალისწინებული არ იქნება, ის პარტიები კი, რომლებიც პარლამენტს დატოვებენ, რეფორმაზე გავლენის შესაძლებლობას დაკარგავენ.

ოპოზიციის დატოვების საბაბი

საარჩევნო რეფორმა, რომელზეც „მოქალაქეები“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმდნენ, სხვა ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის დაწევას. ამ ცვლილებების დასამტკიცებლად აუცილებელია საკონსტიტუციო შესწორებები და, შესაბამისად, პარლამენტის 113 დეპუტატის ხმა, პარლამენტში კი ოპოზიციის დიდი ნაწილის წასვლის შემდეგ მაქსიმუმ მხოლოდ 99 ადამიანი დარჩება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გრძელდება მოლაპარაკებები და პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციასთან. აქვთ მოლოდინი, რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსებიც შემოუერთდებიან საპარლამენტო პროცესს.

„რაც შეეხება შეთანხმების იმ ნაწილს, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენ უკვე საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად განვაგრძობთ ძალისხმევას, რათა პროცესს შემოუერთდეს ოპოზიციის სულ ცოტა იმდენი წარმომადგენელი, რაც საკმარისი იქნება ამ ცვლილების განხორციელებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მან არ განმარტა, თუ რა მეთოდებს უნდა მიმართოს მმართველმა პარტიამ დარბაზში 113 დეპუტატის დასწრების უზრუნველსაყოფად იმის გათვალისწინებით, რომ კენჭისყრა მანდატების გაუქმების საკითხზე 2 თებერვალს უნდა გაიმართოს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა მათსა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს.

პარლამენტში შესულ ოპოზიციას უფლებამოსილება გაეზარდა>>

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, აღნიშნული შესწორებები ინიცირებული უნდა იყოს 1 მარტამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პარტია ორი დეპუტატის შემადგენლობით პარლამენტს დატოვებს.

მისმა თანაპარტიელმა ლევან იოსელიანმა კი გამოსავალის მის ვერსიაზე ისაუბრა: „ოპოზიცია რამდენიმე დღით შევიდეს პარლამენტში და ხმა მისცეს შესწორებებს“.

ამგვარად კენჭისყრა 51 დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა.

დანარჩენი ოპოზიციის პოზიცია

ოპოზიციაში არ აპირებენ, რომ ელისაშვილის მაგალითს მიბაძონ. მეტიც, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ერთ დროს თანამებრძოლებმა ელისაშვილი იმაში დაადანაშაულეს, რომ იგი მმართველი პარტიის რიგებში შევიდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის თქმით, ელისაშვილი და იოსელიანი დიდხანს წვალობდნენ და ეძებდნენ პარლამენტში შესვლის საბაბს და, როგორც ჩანს, ეს მათთვის პრინციპებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ახლა მათ ფაქტიურად „ქართული ოცნების“ რიგები შეავსეს.

ვიდრე ელისაშვილი მოლაპარაკებებს განაგრძობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნების შესახებ მათი საბოლოო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დისბალანსი გამოვლინდა უბნების 8%-ზე, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

ამ დასკვნამ კიდევ უფრო გაამყარა ოპოზიციის იმ ნაწილის მდგომარეობა, რომელიც პროტესტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.