თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.
სკანდალი ქართულ პოლიტიკაში: ISFED-ის ახალმა შედეგებმა ცხარე კამათი გამოიწვია>>
ინფორმაცია ამის შესახებ ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში ორგანიზაციის ბორდის წევრმა თამარ სართანიამ დაადასტურა.
„უბრალოდ, ის ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ელენე აღარ არის დირექტორი... ელენესთან ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია და ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა“, – აღნიშნა სართანიამ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დეკემბრის დასაწყისში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ორგანიზაციამ დააზუსტა არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები. ამ შედეგებმა ქართულ პოლიტიკურ წრეებში დიდი დავა გამოიწვია.
ISFED ცესკოს პარალელურად ამომრჩევლების ხმებს 31 ოქტომბრის არჩევნებზე სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ითვლიდა. თავდაპირველად ორგანიზაციამ ისეთი მონაცემები გამოაცხადა, რამაც ოპოზიციას საშუალება მისცა განეცხადებინა, რომ მან ჯამში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი ადგილები მიიღო.
მაგრამ მოგვიანებით ISFED-ში განაცხადეს, რომ დათვლის პროგრამაში დარღვევა აღმოაჩინეს და მონაცემები გაასწორეს, ხოლო პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები უკვე პრაქტიკულად დაემთხვა ცესკოს შედეგებს. ISFED-ის ასეთმა მოქმედებამ ოპოზიციაში ეჭვები გააჩინა და ორგანიზაციამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა.