თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა მეგაპოლისის მცხოვრებთ მოუწოდა, თავი შეიკავონ 23 იანვრის შეუთანხმებელ აქციებში მონაწილეობისგან.
23 იანვარს არასანქცირებული აქციების ჩატარების გეგმებზე ბლოგერ ალექსანდრ ნავალნის მხარდამჭერებმა განაცხადეს. როგორც ცნობილია, ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს და მოგვიანებით 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„პატივცემულო მოქალაქეებო! მოსკოვში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. გარკვეული რისკების გაცნობიერებით გაუქმდა სკოლის მოსწავლეების დისტანციური სწავლება, 50%-მდე გაიზარდა თეატრებისა და კინოდარბაზების მაქსიმალური შევსება, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რისკები კვლავ მეტად სერიოზულია“, - აღნიშნა სობიანინმა.
ქალაქის მერმა მოქალაქეებს მედიკოსების მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდა.
„მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამარცხოთ პანდემია, მნიშვნელოვანია მოსკოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ვრცელდება მოწოდებები 23 იანვრისთვის უკანონო მასობრივი აქციისკენ. მის ჩატარებას დაუშვებლად მივიჩნევ“, - ხაზი გაუსვა მან.
ალექსეი ნავალნი 17 იანვარს შერემეტიევოში გერმანიიდან დაბრუნებისას დააკავეს, სადაც ის სავარაუდო მოწამლვასთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ მკურნალობდა. ხიმკის საქალაქო სასამართლომ ნავალნის 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დააკავეს გამოსაცდელი ვადის არაერთხელ დარღვევის გამო, როგორც პირობითად გასამართლებული.
ნავალნის აქვს ორი პირობითი ნასამართლობა. პირველი „კიროვლესის“ საქმეზე, რომელიც 16 მილიონი რუბლის გაფლანგვას უკავშირდება; მეორე „ივ როშეს“ საქმეზე, რომელიც 30 მილიონი რუბლის მიტაცებასთანაა დაკავშირებული. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის მიმართ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
მოსალოდნელია პროვოკაციები
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის შტაბების ხელმძღვანელების მიერ პროვოკაციებისა და ძალადობის ორგანიზებასთან დაკავშირებით წინასწარ შემოწმებას გეგმავს.
აღნიშნულია, რომ სამართალდამცველების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ნავალნის რეგიონული შტაბების ხელმძღვანელებმა თანამებრძოლებისგან, კერძოდ, ივან ჟდანოვისა და ლეონიდ ვოლკოვისგან, მიიღეს მითითება, ჩართონ ახალგაზრდობა (მათ შორის, არასრულწლოვანები) არასანქცირებულ აქციებში რეგიონებში, „არსებული მონაცემებით, მათ გარემოცვაში ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზით“.
„შტაბების ხელმძღვანელები ამზადებენ პროვოკაციებსა და ძალადობრივ ქმედებებს. ყურადღება გამახვილებულია აღნიშნული ქმედებების ფართო განხილვაზე სოციალურ მედიაში შემდგომი ტირაჟირებით ოპოზიციურ და უცხოურ მასმედიაში. რუსეთის შსს-ს დანაყოფის მიერ ინიცირებულია წინასწარი შემოწმება“, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
რუსეთის შსს-სა და გენერალურ პროკურატურას არაერთხელ გაუფრთხილებიათ პასუხისმგებლობის შესახებ 23 იანვრისთვის მოსკოვსა და სხვა ქალაქებში დაგეგმილი არასანქცირებული აქციების როგორც ორგანიზატორები, ისე რიგითი მონაწილეები. ისინი ფასდება, როგორც პროვოკაციები, საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხე და „დაუყოვნებლივ აღიკვეთება“.
უკანონო მოწოდებები
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებების გამო უკანონო ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩართვაზე, განუცხადა ჟურნალისტებს უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.
საგამოძიებო კომიტეტის მონაცემების თანახმად, მოსკოვსა და სხვა სუბიექტებში მოქმედებს შეზღუდვები COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. ამასთან დაკავშირებით 23 იანვარს მიტინგების ჩატარებაზე ორგანიზატორებს უარი ეთქვათ. რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და მოქმედი შეზღუდვების პირობებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება დიდი რაოდენობით ადამიანების მონაწილეობით მათ ინფიცირების რეალურ საფრთხეს უქმნის.
„მიუხედავად ამისა, ნავალნის მხარდამჭერები ავრცელებენ პუბლიკაციებს სოციალურ ქსელში: TikTok, ВКонтакте", Facebook, Twitter, Instagram, YouTube და მოუწოდებენ არასრულწლოვანებს 23 იანვარს არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობისკენ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში“, - განაცხადა პეტრენკომ.
„ითრევს ყველაზე ახალგაზრდებს“
„სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა მშობლებს მოუწოდა, დაელაპარაკონ ბავშვებს, რათა არ დაუშვან მათი მონაწილეობა 23 იანვრის არასანქცირებულ აქციებში, განაცხადა პარასკევს პარტიის პრესსამსახურმა.
„მივმართავ სტუდენტებისა და უფროსკლასელების მშობლებს. ჩვენს ბავშვებს საფრთხე ემუქრება. ეს საფრთხე - არის ავანტიურიზმი, ადამიანური უწესობა, პირდაპირ რომ ვთქვათ - პოლიტიკანების უნამუსობა, რომლებიც არასანქცირებულ მიტინგებზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ. ამის დაშვება არ შეიძლება“, - განაცხადა მირონოვმა.
„აუხსენით მათ - არგუმენტირებულად და პატივისცემით - რომ მათ პაიკებივით ითრევენ თავიანთ თაღლითურ თამაშებში პოლიტიკური პროვოკატორები“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მირონოვმა განმარტა, რომ სოციალური ქსელით მოწოდება „ყველაზე ახალგაზრდებს ითრევს“. „იმათ, ვინც დღეს ძალიან დამოკიდებულია ქსელზე. ბავშვებს პრაქტიკულად ყრიან ქუჩაში და პროტესტს მოდად გარდაქმნიან. პოლიტიკანები ცინიკურად სარგებლობენ მოზარდების გულუბრყვილობით, მათი სწრაფვით გარდაქმნებისკენ“, - ფიქრობს პოლიტიკოსი.
ცოტა ხნის წინ „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა სოციალური ქსელების პასუხისგებაში მიცემა არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისკენ მოზარდების მოწოდებების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისთვის, მოიწვია კომპანიების წარმომადგენლები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ პროტოკოლების შესადგენად. მათ ემუქრება 800 ათასი რუბლიდან 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმები. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა წლიური შემოსავლის 10%-მდე გაიზრდება.