საქართველო ვაქცინაციისთვის მზადაა – პრემიერი

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტის ვაქცინაციას ითვალისწინებს
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველო როგორც ტექნიკური, ისე სამედიცინო პერსონალის მომზადების კუთხით მზადაა, მიიღოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ ავტორიზებული ნებისმიერი ვაქცინა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კოვიდ-ვაქცინებისგან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა: ჯანმოს ექსპერტი>>

მისი თქმით, ქვეყანაში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა.

„2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილი“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ვაქცინაციის გეგმაში განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი, რომლის მიხედვითაც ვაქცინაცია დაიწყება მაღალი რისკის ჯგუფებიდან: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65-დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები.

გამყრელიძე: ჩვენი მიზანია – კოვიდ-ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს

შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის იმ პირების, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს. არ იგეგმება ბავშვების ვაქცინაცია. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

„საქართველომამ პლატფორმაზე თავისი მიზანი 5-6 თვის წინ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში მოწოდებული იყოს მილიონნახევარი ვაქცინა. ჩვენ უკვე ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ და მთავარი მიზანია ახლა, რომ ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დღეს დაამტკიცა.