ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, თუ... რამ უნდა გააფაციცოს მშობელი

ამ მასალის გაკეთება სამწუხარო რეალობამ გვიკარნახა: ბოლო პერიოდში საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთაგან ზოგ შემთხვევაში მოძალადე თავად არასრულწლოვანის ახლობელი ან ნათესავი იყო.
Sputnik

თემა საკმაოდ რთულია და სათუთი. ამაზე საუბარი ყველას გვიჭირს, მაგრამ, როგორც ჩანს, აუცილებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ მშობლებს ამერიკელი ტრენერების რჩევები შევთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები იზრდება: ინტერპოლი მიზეზებს ასახელებს

უპირველესად იცოდეთ, რომ:

„ცუდი ბიძია“ შესაძლოა ძალიან ახლობელი, კარგად ნაცნობი ადამიანი გამოდგეს. მოძალადეები ძირითადად ის უფროსები არიან, რომლებსაც ბავშვები იცნობენ და ენდობიან, ვისთანაც კარგი დამოკიდებულების გაფუჭებისა ეშინიათ, ვისაც მათი დაშინება და დაშანტაჟება შეუძლია.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

უფროსის მხრიდან ზედმეტი ყურადღების გამოვლენას, მაგალითად, საჩუქრებს, თავსა და ზურგზე ხელის მოფერებით გადასმას.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

  • ნუ დატოვებთ მცირეწლოვან შვილს მარტო სხვასთან დიდი ხნით. თუ მაინც მოგიწიათ ეს, შეეცადეთ მოულოდნელად დაბრუნდეთ ან შორიდან გააკონტროლოთ მათი ერთად ყოფნის პერიოდი;
  • ასწავლეთ მცირეწლოვან ბავშვს სხეულის ნაწილების სახელები. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც 5 წლის გოგონამ საბავშვო ბაღში უცბად ტირილი დაიწყო და აღმზრდელს ჩუმად გაანდო, რომ „მამიკომ ისევ შეუჭამა ორცხობილა“. აღმზრდელმა ბავშვს დასამშვიდებლად სხვა ორცხობილა მისცა. მას წარმოდგენაც არ შეეძლო, რეალურად რა იგულისხმებოდა „ორცხობილის ჭამაში“;
  • აუხსენით შვილს პირადი სივრცის საზღვრები. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, რას ნიშნავს მიუღებელი, დაუშვებელი შეხება. პატარები ბევრად უკეთესად აღიქვამენ ვიზუალურ მაგალითებს. ამიტომ საცურაო კოსტიუმი ან თავად ჩაიცვით, ან მას ჩააცვით და უთხარით, რომ ადგილებზე, რომლებსაც „პლავკები“ ფარავს, ხელი არავის არ უნდა მოაკიდებინოს;
  • გაიცანით ყველა უფროსი, მათ შორის ბავშვებიც, ვისთანაც თქვენი შვილი მეგობრობს და ვისაც ენდობა;
  • აუხსენით, რა სახის საიდუმლო უნდა დაფაროს და რა - არა;
  • ჩამოაყალიბეთ შვილთან იმდენად მეგობრული ვითარება, რომ ყველაფერი გიამბოთ, არ დაგიმალოთ, თუ რაიმე უხერხულ ან გაუგებარ ვითარებაში მოხვდა;

რამ უნდა შეგაშფოთოთ ბავშვის ქცევაში:

საგანგაშო სტატისტიკა: ევროპოლი მშობლებს პედოფილების გააქტიურებაზე აფრთხილებს

ქცევისა და ემოციური მდგომარეობის უჩვეულო და მკვეთრმა ცვლილებამ. მაგალითად – დეპრესიამ, აუხსნელმა აგრესიამ, ღამეულმა კოშმარებმა, ცხოველებისადმი სისასტიკემ, საკუთარი თავისთვის ფიზიკური ტრავმების მიყენებამ, ცეცხლის წაკიდების მცდელობებმა, მოუსვენრობამ, ქრონიკულმა კუჭის ან თავის ტკივილებმა, სექსუალურმა ქცევებმა და ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელმა ლექსიკამ.

დააკვირდით, რას ხატავს ბავშვი!

იყო შემთხვევა, როდესაც სწორედ ნახატების მეშვეობით „გასცა“ 5 წლის გოგონამ საკუთარი მოძალადე აღმზრდელი – ეკლესიასთან არსებული საბავშვო ბაღის 56 წლის მასწავლებელი.

თუ ისე მოხდა, რომ, ვთქვათ, ოთახში შეხვედით და დაინახეთ, რომ თქვენი შვილი იქ რომელიღაც უფროსთან ერთადაა მარტო და ამის გამო გულის სიღრმეში უსიამო ეჭვი გაგიჩნდათ, ბავშვი კი არ გამოარიდოთ იქაურობას, არამედ მტკიცედ, მოურიდებლად და ტაქტიანად უთხარით უფროსს, რომ შვილს უფროს ადამიანებთან მარტო დარჩენის უფლებას არ აძლევთ!

ამით თქვენ სიგნალს გზავნით, რომ ყურადღებიანი მშობელი ბრძანდებით. თუ ადამიანი ნორმალურია, აუცილებლად გაგიგებთ. თუ თქვენი ეჭვი მცდარი აღმოჩნდა, მაინცდამაინც უხერხულად ნუ იგრძნობთ თავს. ჯობს შეცდეთ და მავანმა იწყინოს კიდეც თქვენი სიტყვები, ვიდრე თქვენს შვილს უბედურება შეემთხვეს და სიცოცხლის ბოლომდე მძიმედ ტრავმირებულმა იცხოვროს.

საქართველოში პედოფილების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება

აუცილებლად გაითვალისწინეთ:

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ მსგავსი საშინელება მაინც მოხდა და ბავშვი შეეცდება გიამბოთ ყველაფერი, ეცადეთ, გააკონტროლოთ საკუთარი რეაქცია. მწვავედ რეაგირებამ შესაძლოა ბავშვი კიდევ მეტად დააფრთხოს და დააშინოს.

რაც მთავარზე უმთავრესია — ეს ისაა, რომ კარგად გაიცნოთ საკუთარი შვილი, ხშირად ესაუბროთ გულახდილად და აგრძნობინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის მხარეს იქნებით.