COVID-19-ის მიუხედავად საქართველოსთვის წელი წარმატებული იყო – ცქიტიშვილის ანგარიში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2021 წელს 2,3 მილიარდ ლარს შეადგენს და უწყების არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. 2020 წელს საქართველოში ხორციელდებოდა 6 ათასი პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა 1,3 ათასი კომპანია და დასაქმდა 31 ათასი ადამიანი, ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელს შეადგენდა დაახლოებით 2,08 მილიარდ ლარს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად ის გადაჭარბებით შესრულდება. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, დამტკიცებული ბიუჯეტის უკვე 101,4% არის ათვისებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 166 მილიონი ლარით აჭარბებს.

„პანდემიით გამოწვეული კრიზისი, ბუნებრივია, სამინისტროზეც აისახა და მისი ბიუჯეტი 251 მილიონი ლარით შემცირდა 2,08 მილიარდი ლარიდან. თუმცა, ამის მიუხედავად, პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში მოვახერხეთ და არ შეგვიჩერებია არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სპეციალური ნებართვებით საქართველოში უცხოელი სპეციალისტების ჩამოიყვანეს და დღესაც, არსებული გამოწვევების მიუხედავად, თითოეულ ობიექტზე დაცულია როგორც შრომითი უსაფრთხოების პირობები, ასევე კონტრაქტორებისა და მომუშავე პერსონალის უსაფრთხოება.

2021 წლის გეგმები

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ სამინისტროს ბიუჯეტი 2021 წელს 2,3 მილიარდ ლარს შეადგენს და უწყების არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება. ის 2020 წლის დაფინანსებას 551,3 მილიონი ლარით გადააჭარბებს.

საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ასიგნებები ერთი მესამედით გაიზრდება

თანხების დიდი ნაწილი, 1,5 მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

37,8%-ით გაიზრდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების დაფინანსება, გაგრძელდება სამუშაოები რიკოთის უღელტეხილის მოდერნიზაციაზე. დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის და სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების განვითარებაზე უწყების მართვაში მყოფი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ბიუჯეტი 2021 წელს 69%-ით გაიზრდება და 347 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

მაია ცქიტიშვილი:  ბევრი პროექტი გავქვს მიმართული რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ

მომავალ წელს დაგეგმილია თბილისი–საგარეჯოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყება, რამდენიმე ათეულ დასახლებულ პუნქტში დაიწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის დამატებითი პროექტები, დასრულდება 7020 ბავშვზე გათვლილი 41 სკოლისა და 15 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ასევე იძულებით გადაადგილებულთა 1020 ოჯახისთვის სახლების მშენებლობა ზუგდიდსა და წყალტუბოში.

მომავალ წელს რეგიონებში პროექტების რეალიზაციის ფონდის ბიუჯეტი 280 მილიონ ლარს შეადგენს. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს სხვადასხვა პროექტებისთვის 20 მილიონ ლარს გამოიყოფენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი კვლავ 40 მილიონ ლარს შეადგენს.

უწყების წარმატებები

მიმდინარე წლის მთავარ მიღწევებს შორის ცქიტიშვილმა დაასახელა:

- 70 კმ სიგრძის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც დასასრულს უახლოვდება, და ჯამში 580 კილომეტრის გზის შეკეთება;

- ქალაქები ქუთაისი, ზუგდიდი და ჭიათურა პირველად გადავიდნენ 24-საათიან წყალმომარაგებაზე და ჯამში 322 ათასზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება;

საქართველოს ენერგეტიკაში უახლოეს წლებში 1,3 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

- დასრულდა აბასთუმნის 18 ისტორიული სახლის, ობსერვატორიის, საბაგირო გზის რეაბილიტაცია,

- ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და მცხეთის მუზეუმის მშენებლობა,

- თბილისის მზიურის პარკის, ასურეთში კი შვაბების ქუჩის სახლების და გერმანული ეკლესიის რეაბილიტაცია;

- აშენდა 20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1000-მდე ბავშვისთვის, გურჯაანისა და კასპის ინოვაციური ცენტრები;

500 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა ახალ აშენებულ კორპუსებში ზუგდიდსა და წყალტუბოში.

საქართველოში ინვესტიციები შემცირდა: პროგნოზები და რეკომენდაციები

რიკოთის მაგისტრალური გზის სამ მონაკვეთზე 53 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 39 გვირაბზე. უკვე გაიჭრა 5 გვირაბი. 96 ხიდიდან კი სამუშაოები მიმდინარეობს 53 ხიდზე. რიკოთის სამუშაოებზე დასაქმებულია 3311 ადამიანი. აქედან 1988 – საქართველოს მოქალაქე.

რაც შეეხება რეგიონული განვითარების პროექტებს, ცქიტიშვილის თქმით, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით (ჯამური ინვესტიციით 63 მლნ ევრო) დაიწყო საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა. პროგრამა მოიცავს კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.

აზიის განვითარების ბანკის „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში მომზადდა თელავის, ზუგდიდის, ველისციხის, მესტიისა და უშგულის ურბანული განვითარების პროექტები.

EBRD-ს მხარდაჭერით 6 ქალაქისთვის (გორი, ზუგდიდი, რუსთავი, ქუთაისი, თელავი, ფოთი) შესყიდული 175 ავტობუსიდან ქალაქებს უკვე გადაეცა 88 ავტობუსი.

საქართველომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ახალ გზას მიმართა

ლაგოდეხში, საგარეჯოში, დუშეთში, მარნეულში, ხაშურში, კასპსა და თერჯოლაში მოეწყო ან რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს.

მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან დაფინანსდა 8.5 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის: აშენდა შატილის სკოლა-პანსიონი, მზის პანელები დაუმონტაჟდა 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახს, დასრულდა ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაცია 500-ზე მეტი ოჯახისთვის.

ბიზნეს–ასოციაცია: აუცილებელია ეროვნული ბანკის აქტიური ჩარევა სავალუტო ბაზარზე >>

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით 360 მილიონი ლარით დაფინანსდა საგზაო, წყალმომარაგების და სხვა სახის 1 065 პროექტი, სადაც დასაქმებული იყო 16 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე.

გარდა ამისა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მილიონი ლარით 3 140 სოფელში დაფინანსდა მოსახლეობის მიერ შერჩეული 4 250 პროექტი.