რა შემთხვევაში შეძლებენ პანდემიის მეორე ტალღის შედეგად დაზარალებული ადამიანები ამ შეღავათით სარგებლობას, ამაზე „Sputnik–საქართველოსთან“ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.
- რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მსესხებელი კომერციულ ბანკებში აღებული სესხის რესტრუქტურიზაციისთვის?
- პანდემიით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე ქვეყანაში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ცალკეულ ბიზნესებს შეეზღუდათ მუშაობის შესაძლებლობა და/ან შეუმცირდათ შემოსავალი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ იმ პირთათვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 300-ლარიანი ერთჯერადი ან 6 თვის განმავლობაში 200-ლარიანი დახმარებების პროგრამა შეიმუშავა.
საბანკო სექტორმა მყისიერი რეაგირება მოახდინა მთავრობის მოწოდებაზე და მათ სესხების რესტრუქტურიზაცია შესთავაზეს ამ პროგრამაში მოხვედრილ ადამიანებს. რესტრუქტურიზაციის ძირითადი პირობაა, რომ ამ მსესხებლებს გარკვეული პერიოდით მიეცეთ შეღავათი ყოველთვიურ გადასახდელებზე, ან, ინდივიდუალური მოთხოვნის შემთხვევაში, შედგეს მათთვის სესხის დაფარვის ხელსაყრელი გრაფიკები. ბანკებს სესხების რესტრუქტურიზაციისთვის იმ პირებმაც შეიძლება მიმართონ, რომლებსაც პანდემიის შედეგად შემოსავალი შეუმცირდათ, თუმცა სახელმწიფოსგან კომპენსაციები არ ეკუთვნით. მათი მხრიდან შემოსავლის შემცირების შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ბანკი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.
- საინტერესოა, თვითონ საბანკო სექტორი რამდენად დააზარალა პანდემიამ?
- ვერ ვიტყვი, რომ საბანკო სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული სექტორია. საბანკო სისტემა ინსტიტუციონალურად დიდია და აბსოლუტურ მაჩვენებლებში შეიძლება უფრო მოქნილიც იყოს, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, 2020 წლის ნოემბრის მაჩვენებლებით, მთლიანი საბანკო სისტემა ზარალს აფიქსირებს. არის მოლოდინი, რომ წლის ბოლოსთვის ბანკები ნულთან ახლოს ან, უკეთეს შემთხვევაში, მცირე მოგებას დააფიქსირებენ. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები პერიოდულად ახდენენ საბანკო დაწესებულებების რეიტინგების გადახედვას და ჩვენი სურვილია, რომ ქართულ საბანკო სექტორს რეიტინგის გაუარესება არ დაემუქროს, რათა არ მოხდეს საკრედიტო რესურსების გაძვირება და პანდემიის შემდეგ სასესხო რესურსზე ხელმისაწვდომობა იყოს სასურველ დონეზე.
ჯამური საკრედიტო პორტფელის ჭრილში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ასევე მზარდია, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, ეს სრული მაჩვენებელი ვერ იქნება. პორტფელს, რომელიც თეორიულად შეიძლება უფრო მაღალრისკიანი იყოს, შეეხო ჯერ პირველი „ლოკდაუნი“ და ახლა მეორე – წერტილოვანი შეზღუდვები, განხორციელდა სესხების რესტრუქტურიზაციაც და ამიტომ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ სრულად – რა რაოდენობით სესხი შეიძლება აღმოჩნდეს ვადაგადაცილებული.
- პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე კომერციულმა ბანკებმა თანამშრომლები შეამცირეს?
- ბანკებს პანდემიიდან გამომდინარე კადრების ოპტიმიზაცია არ განუხორციელებიათ და ამის შესახებ არაერთმა ბანკმა თვითონვე განაცხადა. მოხდა თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა და შემოღებულ იქნა ცვლებში მუშაობა ორკვირიანი შუალედებით.
- რამდენად სტაბილურია საქართველოში საბანკო სექტორი?
- მინდა აღვნიშნო, რომ საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული შეხვდა კორონავირუსის პანდემიას. საბანკო სექტორს გააჩნია დამატებითი რეზერვები, რაც ჯერ კიდევ მარტის თვეში შეიქმნა სებ-ის მოთხოვნით და რამაც, მართალია, მთელი სისტემა ზარალზე გაიყვანა, მაგრამ ამავე დროს მისცა დამატებითი ბუფერები. ამასთან უნდა ვთქვათ, რომ მარტის თვიდან საბანკო სექტორმა მომხმარებლებს შესთავაზა მაქსიმალურად დისტანციური მომსახურება ყველა მიმართულებით. არ შეუწყვეტიათ მუშაობა ფილიალებს, სერვის-ცენტრებს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბანკო სექტორი მყარად დგას საქართველოს ეკონომიკის სადარაჯოზე. ყველა ის კაპიტალი და რეზერვი, რომლებიც დღეს აქვს სისტემას, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სექტორი პანდემიის შემდეგაც სტაბილურად გააგრძელებს განვითარებას.
- მთავრობის მიერ ბიზნესის სუბსიდირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საბანკო სექტორზე რამდენად აისახა?
- საკმაოდ ბევრი ბიზნესი ჩაერთო სუბსიდირების სქემაში და არის საუბარი მის გაფართოებაზეც. ეკონომიკის სტიმულირებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯი კი პირდაპირ ან ირიბად საბანკო სისტემაზეც აისახება. მთავრობის მხრიდან იპოთეკური სესხების 4%-ის სუბსიდირება იპოთეკური ბაზრისთვის დიდი სტიმული იყო, რადგან ამან უძრავი ქონების ფასის მერყეობა მინიმუმამდე დაიყვანა, იმოქმედა როგორც უძრავი ქონების ზოგად ღირებულებაზე, ასევე მნიშვნელოვნად არ დაზარალდა მისი საინვესტიციო ღირებულება. აღნიშნული პრინციპული იყო საბანკო სექტორისთვის სესხების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რადგან უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონების ფასის შემცირება არ მომხდარა და დღეისათვის დაახლოებით 600 მლნ ლარამდე არის გენერირებული ამ კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია ის საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს და სადღაც 200-მდე ახალი სესხია ამ მიმართულებით გაცემული.
- თქვენი პროგნოზით, როგორი იქნება მომავალი წელი საბანკო სექტორისთვის?
- ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალ წელს. მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოჩენა, რამაც საკმაოდ გაზარდა კომპანიების რეაბილიტაციის და ეკონომიკაში ჩართვის მოლოდინები, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველი „ლოკდაუნის“ შემდეგ საკმაოდ კარგად აღდგა ის სექტორები, რომლებსაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები უშუალოდ არ შეხებია. ყველაფერი ეს საერთო ჯამში პოზიტიური პროგნოზების გაკეთების საფუძველს იძლევა.
ნატა პატარაია