ნატა პატარაია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 14,9%-ით შემცირდა და 8,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. 9 თვეში ექსპორტზე 2,4 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა, რაც 12,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო იმპორტმა 5,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.
ქვეყანაში იმპორტის შემცირება მოთხოვნის კლებამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებით არის განპირობებული, აღნიშნა ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
„კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალდა როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობა, გაიზარდა უმუშევრობა, თვითდასაქმებული მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმცირდა შემოსავალი, რასაც დაემატა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი. ყოველივე ამან ნეგატიურად იმოქმედა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაზე და, შესაბამისად, შეამცირა ბაზარზე მოთხოვნაც“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ეკონომიკის ექსპერტი ფიქრობს, რომ იმპორტის მოცულობის შემცირებამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება ბაზარზე გარკვეული პროდუქტების დეფიციტიც კი გამოიწვიოს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კვირით.
რაც შეეხება გაძვირებული დოლარით შეძენილი იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებას, ეკონომისტის აზრით, გარკვეულ ჯგუფებზე ფასების ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი.
„თებერვლიდან ველოდებით ფასების მატებას პურზე, ხორცზე და რძის პროდუქტებზე, რადგან ხორბალზე, სიმინდზე და სოიოზე სასაქონლო ბირჟებზე ფასი რეკორდულად მატულობს“ – განაცხადა ნიკა შენგელიამ.
რაც შეეხება ექსპორტისგან მიღებულ ნაკლებ შემოსავალს, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში 9 თვეში შემოსული ნაკლები დოლარი ლარის კურსზე მოცემულ შემთხვევაში ზეგავლენას ვერ მოახდენს.
„მოკლევადიან პერიოდში ეროვნულ ვალუტაზე იმოქმედებს პოლიტიკური სტაბილურობის ფაქტორი, ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს – არჩევნების ჩატარების შემდეგ როგორი ვითარება იქნება საქართველოში“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში სახელმწიფომ „კორონა ეკონომიკის“ პირობებში ეკონომიკის რეცესიიდან გამოსაყვანად უნდა შეიმუშაოს განვითარების სტრატეგია და მიჰყვეს მას.
„მხოლოდ ტურისტული სექტორზე ფიქრი შედეგებს ვერ მოიტანს. ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს უნდა მიექცეს ყურადღება. ვინაიდან ჯერჯერობით ქართული ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია არ არის წარმოდგენილი, მანამდე მცირე და საშუალო მეწარმეობის დასახმარებლად შემოშავებული პროექტები უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა შენგელიამ.
ეკონომისტ რატი აბულაძის აზრით კი, საგარეო ვაჭრობა მთელ მსოფლიოში შემცირდა და შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ქვეყანაში ეს ტენდენცია უფრო მასშტაბურიცაა, ვიდრე საქართველოში.
„სამწუხაროდ, საერთაშორისო ვაჭრობის ნეგატიურ მაჩვენებელს ქმნის შესუსტებული ეკონომიკური აქტივობა, დასუსტებული ბიზნესი, შემცირებული შემოსავლები, დაკლებული სარგებელი და გაზრდილი უმუშევრობა“, – აღნიშნა რატი აბულაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
მისი თქმით, მეწარმეები, რომლებიც აწვდიდნენ პროდუქციას გლობალურ ბაზრებს, ეპიდემიის გამო შეეჯახნენ ბაზრებთან წვდომის პრობლემებს, მოთხოვნის სტრუქტურის ცვლილებას, მიწოდების ქსელში წარმოქმნილ შეფერხებებს, სასაზღვრო და სავაჭრო შეზღუდვებს. დასაქმებულ პირთა ვირუსით ინფიცირების მასშტაბურობის გამო საფრთხის წინაშე დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და დაგეგმილ ვადებში მუშაობაც.
„უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონული კონფლიქტების, პოლიტიკური კონფრონტაციების, პანდემიისა და ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე ბიზნესი, კონკურენცია და ბაზრის მოცვა სულ უფრო რთული გახდა“, – აღნიშნა რატი აბულაძემ.
მისი აზრით, შექმნილ ვითარებაში საქართველო პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან არსებულ ურთიერთობებს. საქართველოს საგარეო სავაჭრო აქტივობის აღდგენა კი დამოკიდებულია ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე, ახალ სავაჭრო სქემებზე, აქტიურ ბიზნეს-პოლიტიკაზე და აგრესიული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი–სექტემბრის პერიოდში 2,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, აშშ, გერმანია, ბულგარეთი, იტალია.