ბიძინა ესებუა აცხადებს, რომ მანქანაში იარაღი „ჩაუდეს“

ესებუას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღარებს და აცხადებს, რომ პოლიციის მიერ ამოღებული იარაღი მას ჩაუდეს.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავებულია ძმა ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ბადრი და ბიძინა ესებუების მამას გამოძიების ვერსიის არ სჯერა

დღეს გამთენიისას პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა ბიძინა ესებუას უფლებადამცველებმა, იოსებ ჯანაშიამ და ხათუნა ჯანაშიამ ამ წუთებში დატოვეს.

ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღარებს და აცხადებს, რომ პოლიციის მიერ ამოღებული იარაღი მას ჩაუდეს.

„მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, შევხვდით დაკავებულს. ჯერ კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად მასალები გადმოგვეცემა მას შემდეგ, რაც მოხდება ბრალის ოფიციალური წარდგენა. ედავებიან საბრძოლო მასალის გადაზიდვას. ნივთმტკიცებები ამოღებულია მისი კუთვნილი მანქანიდან, ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს მას ჩაუდეს. მოგეხსენებათ ის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იდგა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, ამ მანქანის საბარგული არ იკეტებოდა და თვლის, რომ სწორედ იმ დროს მოხდა იარაღის ჩადება, საუბარია ორ ხელყუმბარაზე და ას ცალ ვაზნაზე. რისთვის უნდა დასჭირვებოდა ბიძინას ეს მასალა საბარგულში?” - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
შსს ბიძინა ესებუას დაკავების მიზეზებს განმარტავს

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ბადრი ესებუას, გამოძიების ვერსიით, ის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბანკზე თავდასხმის ფაქტი ტერორისტულ აქტად შეფასდა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკა ლატარია