რა უწყობს ხელს ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდას საქართველოში

საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასს განსაზღვრავს ორი მთავარი ფაქტორი – ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt's-ის მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ავტომობილის საწვავზე მოთხოვნა გაიზარდა – 2020 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ნავთობპროდუქტების იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 1.004,8 ათასი ტონა შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

ამის პარალელურად ნავთობპროდუქტები გაძვირდა – ბოლო თვეებში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასმა საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა.

საქართველოში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები იზრდება>>

ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მისი ფასების ზრდის მიზეზებზე, ასევე იმაზე, თუ საიდან შემოდის ქვეყანაში საწვავი, „Sputnik-საქართველოს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ესაუბრა.

რატომ გაიზარდა მოთხოვნა საწვავზე?

საწვავის იმპორტის მატება ძირითადად განპირობებულია საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტის ზრდით, განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

საქართველოში ექსპორტ–იმპორტი ვარდნას განაგრძობს

მისი სიტყვებით, საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა და მისი თანმდევი შეზღუდვებისა, რასაც ქვეყანაში საწვავის მოხმარების შემცირება მოჰყვა, 2020 წლის იანვრიდან ნოემბრამდე 4,2%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

„დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათმესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამას, ფართო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მოძრავი სატრანსპორტო-სატვირთო საშუალებების რაოდენობის ზრდას. ეს მაჩვენებელი 10 თვის განმავლობაში 16,4%-ით გაიზარდა“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისი სიტყვებით, იმპორტის ზრდას ხელს უწყობს ასევე ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი სტრუქტურების მიერ ქვეყანაში შეზღუდულია დაურეგისტრირებელი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის რეალიზაცია.

რაც შეეხება ბენზინის იმპორტის 1,6%-ით შემცირებას, მთვრალაშვილის სიტყვებით, ეს ფაქტობრივად უკავშირდება შეზღუდვებს, დაწესებულს COVID-19-ის პანდემიის გამო, მათ შორის, დისტანციური სწავლისა და მუშაობის გამო ტრანსპორტის მოძრაობის შემცირებას.

საიდან და როგორ შემოდის საწვავი

საქართველოში საწვავი შემოდის რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, თურქმენეთიდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და მოლდავეთიდან რკინიგზითა და ზღვიდან.

რა იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს>>

ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, იანვრიდან ნოემბრამდე რუსეთიდან შემოვიდა 308,4 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რაც მთელი იმპორტის 30,7%-ია.

რა იწვევს გაძვირებას?

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტები (ბენზინი და დიზელის საწვავი) საშუალოდ 10 თეთრით გაძვირდა.

ინფლაციის დონე საქართველოში მესამე თვეა არ იცვლება – ახალი სტატისტიკა

მთვრალაშვილმა აღნიშნა, რომ საწვავის საცალო ფასს ორი მთავარი ფაქტორი განსაზღვრავს – ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt's-ის მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ, ვინაიდან ნავთობპროდუქტების შესაძენად ქვეყანა დოლარს იხდის, საქართველოში კი პროდუქტი ეროვნულ ვალუტაში იყიდება.

„მიზეზი პირდაპირ უკავშირდება ნავთობპროდუქტების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას დოლარის მიმართ. ეს ორი კომპონენტი პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოს ბაზარზე ფასების ფორმირებასთან. იმის გამო, რომ ფასებიც გაიზარდა და ლარიც გაუფასურდა, საწვავის ფასმა საშუალოდ 10 თეთრით მოიმატა“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

როდისაა მოსალოდნელი საწვავის გაძვირება?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის საშუალოდ 3-5 თეთრით მატება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი, რაც, პირველ რიგში, უკავშირდება საწვავის გაძვირებას საერთაშორისო ბაზარზე.

რატომ არ მოქმედებს ლარის კურსის დინამიკა ფასებზე: გვენეტაძის განმარტება

„უახლოეს დღეებში საქართველოში იმპორტი განხორციელდება ახალ, დღევანდელთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასად. ბუნებრივია, ეს გაძვირებას გამოიწვევს. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში ფასი საშუალოდ 3-5 თეთრით მოიმატებს“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

დღეს საქართველოში 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომელთაც მთელ ქვეყანაში ჯამში 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. გარდა ამისა, მუშაობს ათობით წვრილი და საშუალო ე.წ. არაბრენდირებული კომპანია, რომელთაც ჯამში ასევე 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის.

დღეისათვის ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: პრემიუმი – 2,28-2,39 ლარი, რეგულარი – 2,10-2,19 ლარი, ევროდიზელი – 2,27-2,39 ლარი.