უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ბიოფსია ჩვეულებრივი კვლევაა, რომლის მიმდინარეობისას ადამიანის ორგანიზმიდან კვლევისთვის იღებენ ქსოვილის ძალიან პატარა ზომის ნაჭერს, რომელიც ემსახურება როგორც მორფოლოგიურ, ისე ციტოლოგიურ კვლევას.
როდის არის ბიოფსის ჩატარება საჭირო?
ბიოფსია ტარდება მაშინ, როდესაც რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებით ვერ ხერხდება დიაგნოზის დადასტურება. აღნიშნული კვლევა სპეციალისტს საშუალებას აძლევს უჯრედები პირდაპირ, მიკროსკოპული გზით შეისწავლოს. კვლევის პასუხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის.
მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრის შემდეგ ექიმმა განმეორებითი კვლევა შეიძლება ჩაატაროს შესაძლო ავთვისებიანი ცვლილებების დროულად დასადგენად.
ბიოფსია ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა, ის გვეხმარება ადამიანისთვის საშიში პროცესების არსებობის გამოირიცხვში ან დადასტურებაში.
ბიოფსიის რამდენი ტიპი არსებობს?
არსებობს ბიოფსიის ხუთი ტიპი: წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია, მსხვილნემსიანი ბიოფსია, ღია, ანუ ოპერაციული ბიოფსია, ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიურ ბიოფსია.
ბიოფსიის სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოს კვლევა ტარდება, შესაბამისად, ბიოფსია შესაძლოა ჩატარდეს როგორც ულტრასონოგრაფიის, ისე კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით. სამიზნე ორგანოს მიხედვით განსხვავდება ნემსის ზომებიც მაგალითად, ძვლის ტვინის ბიოფსია მსხვილი ნემსით ტარდება, ფარისებრი ჯირკვლის კი ულტრაბგერის კონტროლის ქვეშ, წვრილი ნემსით.
წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ძირითადად დამიზნებით ანუ ექოკონტროლით ტარდება, რის მეშვეობითაც განისაზღვრება სიმსივნური წარმონაქმნის დამოკიდებულება გარშემო მდებარე ქსოვილებთან, ორგანოებთან და მაგისტრალურ სისხლძარღვებთან. აღნიშნული მანიპულაცია ხორციელდება 06-07 მმ დიამეტრის მქონე წვრილი ნემსით და არ არის მტკივნეული, უმეტეს შემთხვევაში ტარდება ანესთეზიის გარეშე.
მსხვილნემსიანი ბიოფსია ტარდება სპეციალური აპარატით. მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით და ექოსკოპიის კონტროლით უკეთდება.
რომელი ორგანოებიდან არის მასალის აღება შესაძლებელი?
გამოსაკვლევი ქსოვილის ნიმუშის აღება შესაძლებელია სხეულის თითქმის ყველა ორგანოდან. ბიოფსიით დგინდება რა ტიპისაა პათოლოგია, მაგალითად, ფუნქციურია თუ სტრუქტურული. ზოგჯერ დიაგნოზი უკვე დასმულია და ბიოფსიის ჩატარების მიზანს დიაგნოზის სიმწვავისა და დონის დადგენა წარმოადგენს.
ბიოფსია შესაძლოა ჩატარდეს როგორც ულტრასონოგრაფიის, ისე კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით.
როგორ ხდება ბიოფსიის აღება?
მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის დროს გამოიყენება უფრო მცირე ზომის დიამეტრის ნემსი, ვიდრე ვენური სისხლის აღების დროს. პაციენტი ძირითადად ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. ინფიცირების პრევენციისთვის კისერი მუშავდება ანტისეპტიკური ხსნარით. დამიზნებითი ჩხვლეტით ხდება მასალის აღება. პროცედურის შემდგომ პაციენტს შეუძლია იმავე დღეს დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას. ტკივილისა და შეშუპების შემთხვევაში სიმპტომურად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები.
რაც შეეხება სარძევე ჯირკვლის ბიოფსიას, ამ დროს სარძევე ჯირკვალში გამოვლენილი სიმსივნური წარმონაქმნიდან ქსოვილოვან ნიმუშს იღებენ. ნიმუში გამოკვლევისათვის ლაბორატორიაში იგზავნება. ქირურგიული პროცედურა და ლაბორატორიული გამოკვლევა უზრუნველყოფს დიაგნოზის დადგენას, რის საფუძველზეც განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.
ბიოფსია ითვლება დიაგნოსტიკის მარტივ და საიმედო მეთოდად, ამიტომ ნუ შეშინდებით.
ჯანმრთელობას გისურვებთ!