თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ოფიციალური თარიღი უკვე დანიშნულია, ხოლო ოპოზიციას ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, ვინ შედის ოპოზიციიდან პარლამენტში. ახლა პარტიები, მოლაპარაკებების შემაჯამებელი რაუნდის წინ, ურთიერთობებს „ლელოს“ ოფისში არკვევენ.
საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს შედეგების მიხედვით, 150-დან 60 ადგილი ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს. მათ პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოაცხადეს და დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა ოპოზიცია და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებისთვის მიიწვიეს.
მოლაპარაკებების შემაჯამებელი რაუნდი
სამშაბათს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე და, დიდი ალბათობით, შემაჯამებელი რაუნდი გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ცნობილია, რომ მმართველი პარტია საარჩევნო სისტემაში ცვლილებების საკითხში დათმობაზე წავიდა, ხოლო ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების საკითხი არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, მიუხედავად ამისა, მოსაზრებები ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ წინადადებებთან დაკავშირებით გაიყო და შიდა დაპირისპირების საბაბი გახდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხლავენ>>
„მე სხვების მაგივრად ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ „ოცნებასთან“ არის პროგრესი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე, უნდა ახსნას ეს პოზიცია და დაასაბუთოს... რას ნიშნავს ეს პროგრესი და აპირებენ თუ არა ამ საფუძვლით შესვლას“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ დროა ხმამაღლა ითქვას მოლაპარაკებების დეტალებისა და ოპოზიციის გეგმების შესახებ.
„მიუხედავად ფასილიტატორების თხოვნისა, ჩვენ დღეს ან ხვალ გადავწყვეტთ და გავასაჯაროებთ ყველა დეტალს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. რაც ითქვა პოზიტივთან დაკავშირებით, ეს იყო ის, რომ იმ სამი ფუნდამენტური მოთხოვნიდან ერთზე არის გარკვეული წინსვლა მხარეთა შორის. ეს ეხება საარჩევნო სისტემას, მაგრამ ორ ფუნდამენტურ საკითხზე, რაც არის არჩევნები, პლებისციტი ან პატიმრები, ამ თემებზე შეთანხმება არ არის. ამის გარეშე გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება შედგეს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
„განდგომილების“ სია
სანამ ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს მეოთხე რაუნდის დაწყების წინ, მასმედიაში აქტიურად ვრცელდება იმათი სია, ვინც შეიძლება პარლამენტში შევიდეს.
„რამდენადაც ვიცი, პარლამენტში შეიძლება შევიდეს ექვსი ადამიანი, რომელთა შორის ოპოზიციის ლიდერები არიან“, – განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს შორის, ვინც შეიძლება პარლამენტში შევიდეს, ოქრუაშვილმა დაასახელა „გირჩის“ ლიდერები ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
თუმცა ეს ჭორები ჩამოთვლილმა პოლიტიკოსებმა უარყვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ფეხის შემდგმელი არ ვარ, თუ დავარწმუნე „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქვა უნდა, შევალ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა სათქმელი ბევრად უფრო მკვახედ თქვა.
„ჭორებზე კომენტარს არ ვაპირებ“, – განაცხადა მან.
ოპოზიციის ლიდერები საღამოს კიდევ ერთხელ შეხვდებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოლაპარაკებების მაგიდასთან და სრულიად შესაძლებელია, რომ ამ საღამოსვე გახდეს ცნობილი, რამდენი ფრაქცია იქნება პარლამენტში – ერთი – „ქართული ოცნების“, თუ რამდენიმე.
მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას 11 დეკემბერს ჩაატარებს.