როგორია იყო ქალი საქართველოში: სახალხო დამცველმა ქვეყანაში ფემიციდის სტატისტიკა მოიყვანა

გენდერული თანასწორობა, გენდერულ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმები - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს, არგენტინის და სერბეთის უფლებადამცველებმა ერთმანეთს გაეროს შუამდგომლობით გამოცდილება გაუზიარეს.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. 2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი)  საქართველოში გენდერული ნიშნით 19 ქალის მკვლელობა და 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი მოხდა, ეს რიცხვები დასახელდა შემაჯამებელ ონლაინ-პრესკონფერენციაზე, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მონაწილეობით გაიმართა.

არა ძალადობას – ზუგდიდში ქალთა დღეს ფემიციდის შემთხვევები გააპროტესტეს >>

ფემიციდის ან გენდერულად მოტივირებული მკვლელობების მონიტორინგს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანი პრობლემის რეალური მასშტაბის, გამოყენებული დაცვისა თუ პრევენციული ღონისძიებების კუთხით არსებული ხარვეზების შეფასებაა.

საქართველოში ქალი–ჩინოვნიკები კარიერაში გენდერულ ბარიერებს აწყდებიან

კონფერენციის შეჯამებისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ფემიციდის შემთხვევების მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების მიუხედავად, თემატურ კვლევებში სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქმეების შესწავლისას კომპლექსური მუშაობაა მნიშვნელოვანი.

„5 წლის განმავლობაში უკვე 5 სპეციალური ანგარიში მოვამზადეთ და არაერთი რეკომენდაცია გავეცით, რომელთა ნაწილი შესრულდა“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის შედეგად, კვლავაც იკვეთება მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების, საქმეთა სათანადო კვალიფიკაციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების პრობლემები.

გაეროს სპეციალური მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში დუბრავკა სიმონოვიჩმა ფემიციდთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკები მიმოიხილა.

ამას გარდა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მაჰლი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი. ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს ექსპერტებმა საქართველოდან, არგენტინიდან და სერბეთიდან.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობას.