დროა, შეწყვიტოთ ცეცხლი: საქართველოს პრეზიდენტმა ფაშინიანსა და ალიევს მიმართა

საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს დიალოგის აღდგენისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტი ამ განცხადებით საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოვიდა.

„მინდა, მივმართო ამ ჩვენი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტებს, ხელისუფლებას – რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი, მინდა, მოვუწოდო დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით მწუხარება გამოთქვა კონფლიქტის მსხვერპლთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მშვიდობა რეგიონში სამივე ქვეყნის ინტერესებშია.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

„ცეცხლის შეწყვეტა – ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა  ამ რეგიონს დავუბრუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა და მისი უზარმაზარი, ეკონომიკური როლი საერთოდ მსოფლიოსთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისი მზადაა, უმასპინძლოს ნებისმიერ მოლაპარაკებებს კონფლიქტურ მხარეებს შორის.

„ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც მხარეებისთვის იქნება სასურველი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში შეხვედრის გამართვა შესთავაზა>>

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. არის მსხვერპლი ორივე მხარეს.