კობახიძე: საქართველო ყარაბაღზე მოლაპარაკებებისთვის შეიძლება საუკეთესო პლატფორმა იყოს

ირაკლი კობახიძე მიესალმება საქართველოს პრემიერის წინადადებას, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა შეხვედრა თბილისში გამართონ.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველო შეიძლება საუკეთესო ადგილი იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძებ ბრიფინგზე.

ვითარება მთიან ყარაბაღში: ეუთო რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს, რათა მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მალე მოგვარდეს.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი. საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა და ჩვენ მეგობრობა გვაკავშირებს ორივე ქვეყანასთან. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი და პლატფორმა, რომ ასეთი ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს და, ბუნებრივია, ჩვენ სიამოვნებით ავიღებთ ჩვენ თავზე ასეთ მისიას, თუ ასეთი ინტერესი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ წინააღმდეგ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და, მათ შორის, საქართველომ და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი“ – გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღთან დაკავშირებით>>

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.