ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად – სიახლე ოჯახში მოძალადის მიმართ

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული თავის მსხვერპლთან აკრძალულ სიახლოვეს აღმოჩნდება, ელექტრონული სამაჯური სიგნალს გადასცემს.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. დღეიდან ძალაში შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულებს, რომლებსაც ოჯახის წევრებთან მიახლოების უფლება არ აქვთ, ელექტრონული სამაჯურების დახმარებით გააკონტროლებენ. 

ვის და რა შემთხვევაში დაუმაგრებენ 1 სექტემბრიდან ელექტრონულ სამაჯურს

ოჯახის წევრებთან მიახლოების აკრძალვა ერთ-ერთი ზომაა იმისთვის, რომ ოჯახური ძალადობა აღარ გამეორდეს. ამისთვის პოლიცია აქამდე გასცემდა შემაკავებელ ორდერს, რომელიც ძალადობის მსხვერპლთან გარკვეულ მანძილზე მიახლოებას კრძალავს.

ცვლილებების თანახმად, დღეიდან ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულებს ორდერის გაცემის დროს აგრეთვე გაუკეთებენ ელექტრონულ სამაჯურს, რომელიც სიგნალს გადასცემს, თუ ბრალდებული თავის მსხვერპლთან აკრძალულ სიახლოვეს აღმოჩნდება.

თუ ასეთი პირი შეზღუდვებს დაარღვევს და გაფრთხილებას ყურად არ იღებს, ან მოიხსნის სამაჯურს, მას ემუქრება ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები 180-დან 240 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.

შემაკავებელი ორდერი საქართველოში ყველაზე გავრცელებული ზომაა ოჯახური ძალადობის თავიდან ასაცილებლად. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით გაიცა 5,3 ათასზე მეტი ორდერი. აქედან 3,8 ათასი – მამაკაცზე, ხოლო 761 – ქალზე. 

ოჯახური ძალადობა აჭარაში: ქალიშვილის ცემისთვის დედას გაასამართლებენ

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან 25 წელს ზემოთ ასაკის ქალები. ნახევარი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობისგან სულ დაზარალდა 4 ათასი ქალი და 831 მამაკაცი.

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამასთან, ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაიჭრა – 12.

ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად 2014 წელს გამოიყო. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ის დამამძიმებელი გარემოებაა. კანონმდებლობის გამკაცრება ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 14 ადამიანი გახდა.