ვის და რა შემთხვევაში დაუმაგრებენ 1 სექტემბრიდან ელექტრონულ სამაჯურს

გამოწერა
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ასეთი დანაშაულის მსხვერპლი უფრო ხშირად ქალები ხდებიან

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. 2020 წლის პირველი სექტემბრიდან შესაძლებელი ხდება, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდეთ, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
შსს: მოზარდზე ძალადობის შესახებ შეტყობინება არ შემოსულა

ამას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის ზაფხულში დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა.

„სიახლის თანახმად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის და მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად, მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი განხორციელდება GPS სისტემის მეშვეობით“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციელი შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე განახორციელებს.

კერძოდ, მხედველობაში მიიღება მათ შორის, წარსულში მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მიერ მუქარის ან/და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები.
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მამას, რომელსაც 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება ერთ თვეს.

სპეციალური ოქმით გათვალისწინებული მოძალადისთვის აკრძალული ადგილების გარდა, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისას,  „112“- ის მოსამსახურე უფლებამოსილია, დაუკავშირდეს მსხვერპლს/მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შემთხვევითი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით.

ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

კანონის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ - UN WOMEN-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილს ბრალი არ დამძიმებია: გენპროკურატურა ინფორმაციას უარყოფს

შემაკავებელი ორდერი საქართველოში ყველაზე გავრცელებული ზომაა ოჯახური ძალადობის თავიდან ასაცილებლად. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით გაიცა 5,3 ათასზე მეტი ორდერი. აქედან 3,8 ათასი – მამაკაცზე, ხოლო 761 – ქალზე.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან 25 წელს ზემოთ ასაკის ქალები. ნახევარი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობისგან სულ დაზარალდა 4 ათასი ქალი და 831 მამაკაცი.

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. საგამოძიებო ორგანოებმა ნახევარ წელიწადში ამ მხრივ 2,6 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ამასთან, ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაიჭრა – 12.

ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად 2014 წელს გამოიყო. ამა თუ იმ საქმის განხილვისას ის დამამძიმებელი გარემოებაა. კანონმდებლობის გამკაცრება ხელისუფლებამ ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 14 ადამიანი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0