თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ვიდეოჩანაწერებში, რომლებშიც ასახულია 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ავტომობილები ფიგურირებს, განუცხადა ჟურნალისტებს ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
ექსპერტიზა: ბაჩალიაშვილის სისხლში ოთხი სახის მედიკამენტი გამოვლინდა>>
ადვოკატი პროკურატურაში საქმის მასალებს დაახლოებით ხუთი საათის მანძილზე სწავლობდა. რამიშვილის განცხადებით, ვიდეოჩანაწერებში სამი ჯიპი ფიგურირებს, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის.
„თამუნას გადაადგილების ადგილებს გავეცანით ვიდეომასალებში. ვნახეთ გარკვეული მონაკვეთები იმ სამი ჯიპის, რომლებიც საქმეში და ვიდეოში ფიგურირებენ. იმ სამი ჯიპის მარშრუტი დასადგენია“, – განაცხადა რამიშვილმა.
ახლა ადვოკატი ცდილობს დაადგინოს, უთვალთვალებდნენ თუ არა სპეცსამსახურის ავტომობილები დაღუპულ გოგონას.
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ თამარი მოკლეს და ეს იმას უკავშირდება, რომ მის ხელში, შესაძლოა, რაიმე სახის კომპრომატი აღმოჩენილიყო.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.
ამორალური და შეურაცხმყოფელია: კომპანია, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს>>
ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.