საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირებას განაგრძობს

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,4%-ით შემცირდა: ექსპორტი – 21,6%-ით, იმპორტი კი 14,3%-ით.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოდან ექსპორტი კვლავ მცირდება – მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყნიდან გაიტანეს 1,8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია – 16,8%-ით ნაკლები, ვიდრე ერთი წლის წინ, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ პრეს-რელიზში.

2020 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის თანხამ 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 17,9%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას და როგორ უნდა გაიზარდოს წარმოება

საერთო ჯამში 2020 წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე).

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპი

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,4%-ით დაეცა, აქედან ექსპორტი – 21,6%-ით, იმპორტი – 14,3%-ით.

ვარდნის ტემპმა შემცირება ივნისში დაიწყო, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით დაეცა, აქედან ექსპორტი – 13,1%-ით, იმპორტი – 17,2%-ით. მაისში იგივე მაჩვენებელი 33,2%-ის ტოლი იყო, აქედან ექსპორტის ვარდნა – 30,6%, იმპორტისა – 34,3%.

თურნავა: პანდემია საქართველოში ინვესტირებას უშლის ხელს>>

კორონავირუსმა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა – იზარალეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფეროებმა, ტრანსპორტმა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ასევე ფინანსური, სამშენებლო, უძრავი ქონების, სამრეწველო და განათლების სფეროები.

ვისთან ვაჭრობს საქართველო კორონავირუსის პირობებში

როდის გაუმჯობესდება ვაჭრობის მაჩვენებელი?

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის შემთხვევაში გამოსწორდება.

„მაჩვენებლები გაუმჯობესებას დაიწყებს, როგორც კი ეკონომიკაში რაიმე საკვანძო ცვლილებები მოხდება. ანუ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, როდესაც ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, მათ შორის ტურიზმის სექტორში, იპოვიან რაიმე ალტერნატივას, ან ტურიზმი კვლავ ამუშავდება, ისინი კვლავ მიიღებენ შემოსავალს და დაიწყებენ მეტის ხარჯვას მოხმარებაზე“, – განუცხადა ცომაიამ „Sputnik-საქართველოს“.

ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში გაიზრდება იმპორტი და შესაძლებელი იქნება ექსპორტზე საუბარიც.

„როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას დაიწყებენ, ჩვენი ექსპორტიც მოიმატებს“, – აღნიშნა ცომაიამ.

ექსპერტი: საგარეო ვაჭრობის უფრო მეტ ვარდნას მოველოდი

არასახარბიელო პროგნოზი

საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად 2020 წელს ვაჭრობა 9-32%-ის დიაპაზონში შემცირდება, განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ.

„ნიშანდობლივია ვაჭრობის ვარდნის დიდი მასშტაბები რეგიონულ დონეზე. კვლევების შედეგების თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება 285 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, იმპორტის ვარდნის მასშტაბი კი 245 მილიარდ ევროს“, – განუცხადა აბულაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მას მიაჩნია, რომ მიუხედავად პანდემიის შესუსტებისა, საერთაშორისო ვაჭრობაში ვარდნა და დაბრკოლებები – მხოლოდ დასაწყისია.