საქართველოს ხელისუფლება ამერიკული კომპანიიდან გათავისუფლებულებს დაეხმარება

კომპანიას 84 ყოფილი თანამშრომლის 17 თვის სახელფასო დავალიანება აქვს. ყოფილმა თანამშრომლებმა ხელფასის მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს.
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა ამერიკული ნავთობკომპანია Frontera-ს ყოფილ თანამშრომლებს თითოეულს ერთჯერადად 1,2 ათასი ლარით დაეხმარება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

კომპანიას 84 ყოფილი თანამშრომლისთვის 17 თვის ხელფასი არ გადაუხდია. ყოფილმა თანამშრომლებმა ხელფასის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და სასამართლოსაც მიმართეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათ მიმართ კომპანიის ვალი 1 მილიონ ლარამდეა.

„ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით ჩვენმა კომპანიამ – „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ თითოეულ ადამიანს 1 200 ლარის ოდენობის თანხა გამოუყოს“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

ამასთან, მან Frontera-ს მოუწოდა, დაფაროს სახელფასო დავალიანება იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების შესასრულებლად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

სკანდალი ამერიკული კომპანიის ირგვლივ გრძელდება: Frontera პირობებით უკმაყოფილოა>>

Frontera-სთან ურთიერთობები

თურნავას განცხადებით, ამ დროისათვის მთავრობა საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაშია კომპანიასთან. მხარეები შეხვედრისთვის ემზადებიან, სადაც გარკვეულ ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ.

Frontera საქართველოს ხელისუფლებას კვლავ სიცრუეში ადანაშაულებს

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ „ფრონტერას“ წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟი მოიგო, მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება, არ მოშალოს კომპანიასთან ხელშეკრულება და მისცეს საშუალება, რომ გააგრძელოს მოპოვებითი სამუშაოები სალიცენზიო არეალის ფარგლებში“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, Frontera-ს საშუალება მისცეს მუშაობა გააგრძელოს ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წარმოებდა. საუბარია საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგანაც საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანარჩენი 99% კომპანიამ სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.

Frontera-ს საქართველოში მუშაობის ნება დართეს, ოღონდ მოკრძალებული პირობებით>>

თავდაპირველად კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთავაზებულ პირობებზე უკმაყოფილება გამოთქვა და თავის პრობლემებში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა, აღნიშნა, რომ კომპანიის მიმართ ადგილი აქვს ცილისწამებასა და დეზინფორმაციას.

დავის არსი

კომპანიასა და ქვეყანას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობდა ნავთობის მოპოვებისას პროდუქციის წილობრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით კონტრაქტის თაობაზე. ქართულმა მხარემ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთაგან მთავარი იყო იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც „ფრონტერა" არ იყენებდა დაზვერვისა და ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ტერიტორია უნდა დაბრუნებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს.

გახარია: არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ბიზნესგარემო დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ

საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა. გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ წარმოადგენდნენ. საქართველო კომპანიასთან თავდაპირველად კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.

Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში.