თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. კომპანია Frontera Resources Corporation უკმაყოფილოა იმ პირობებით, რომლებიც მას საქართველოს მთავრობამ შესთავაზა, განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა მამულაიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამერიკულ კომპანია Frontera Resources Corporation-ს საქართველოში დარჩენის ნებართვა მისცეს, მაგრამ ძალზე მოკრძალებული პირობებით - მას ადრინდელი ტერიტორიების მხოლოდ 1% დარჩება.
„ჩვენთვის გაუგებარია, რა ერთ პროცენტზე და 99 პროცენტზე საუბრობდა მინისტრი. გავეცანით მის განცხადებას და სამწუხაროდ, არც ერთი წინადადება, რაც „ფრონტერასთან“ მიმართებაში წარმოთქვა, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში ზაზა მამულაიშვილმა.
საქართველო ამერიკულ ნავთობკომპანიასთან შეთანხმებას წყვეტს >>
მისი თქმით, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად საქართველოს სასარგებლოდ არ გამოუტანია, როგორც ამას სახელმწიფო აცხადებს.
„თითოეული წინადადება, რაც ბრძანა ქალბატონმა მინისტრმა, იყო მცდარი, ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული“, - განაცხადა მამულაიშვილმა.
ასევე ის გამოეხმაურა ბრალდებებს სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით და ყველაფერში მთავრობა დაადანაშაულა.
„რაც შეეხებათ დასაქმებულებს, რომლებსაც ხელფასები არ აუღიათ, ეს გახლავთ დაახლოებით 70 ადამიანი, ჩემი ჩათვლით, არც მე მაქვს რამდენიმე თვის ხელფასი აღებული. ამის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ სრულიად უკანონოდ დაგვიკეტა ექსპორტი, რკინიგზა აღარ გვაწვდიდა ცისტერნებს, რომ ექსპორტზე გაგვეტანა პროდუქცია, სრულიად უკანონოდ გაგვიყინა ანგარიშები, სწორედ ამის გამო ვეღარ შევძელით იმ სახელფასო ვალდებულებების შესრულება, რომელიც გვქონდა თანამშრომლების წინაშე. როგორც კი სახელმწიფო დაიცავს ისევ კონტრაქტის პირობებს, მოგვცემს კონტრაქტის პირობების მიხედვით მუშაობის საშუალებას და პლიუს ამას, წლების განმავლობაში დაგროვილ რამდენიმე ათეულ მილიონიან დღგ-ს დავალიანებას დაგვიბრუნებს, მაშინვე აღვადგენთ ნორმალურ სამუშაო პროცესს, იმ დავალიანებასაც გავასწორებთ ყველა თანამშრომელთან“, – განაცხადა ზაზა მამულაშივილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ Frontera-ში დანიშნულია ლიკვიდატორი და კომპანიას ბევრი კრედიტორი ჰყავს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ერთ-ერთმა კრედიტორმა „ფრონტერას“ მოუგო სასამართლო დავა და ვალის დასაფარად აუქციონზე ნავთობისა და გაზის მილებს გასაყიდად გაიტანენ.
„როგორც ჩანს, ეს არის „ფრონტერას“ საქმიანობის ზოგადი სტილი და პრობლემა, რომ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ეს პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში.
კომპანიასა და ქვეყანას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობდა ნავთობის მოპოვებისას პროდუქციის წილობრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით კონტრაქტის თაობაზე. ქართულმა მხარემ რამდენიმე პირობა წამოაყენა, რომელთაგან მთავარი იყო იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელსაც „ფრონტერა" არ იყენებდა დაზვერვისა და ნავთობის მოპოვების მიზნით. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. ტერიტორია უნდა დაბრუნებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს.
საქმე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა. გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენდნენ.