მოსყიდვა თუ ზრუნვა? ოპოზიციამ ხელისუფლება მოსახლეობის დახმარებისთვის გაკიცხა

საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში მთავრობის ყველა ნაბიჯი განიხილება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ქვეყნის მთავრობის მიერ შემუშავებულმა მოსახლეობის დახმარების ახალმა პაკეტმა ოპოზიციური პარტიების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათ ხელისუფლების გადაწყვეტილება უკვე მონათლეს „მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობად“, ხოლო მთავრობაში ამგვარ ბრალდებას უარყოფენ.

კორონავირუსის პანდემიამ და მის გამო ტურისტული სეზონის დახურვამ საქართველოს ეკონომიკის სერიოზული ვარდნა გამოიწვია. ბოლო პროგნოზებით, 2020 წელს წლიური ეკონომიკური ზრდა –5% იქნება.

ახალი შეღავათები მოსახლეობისთვის: მთავრობა კიდევ ოთხი თვის კომუნალურ გადასახადს დაფარავს

თუ ყურადღებას არ მივაქცევთ ეკონომისტებისთვის მნიშვნელოვან ციფრებს და მოსახლეობას შევეკითხებით, ირკვევა, რომ კორონავირუსმა თითოეული ოჯახის ჯიბეს დაარტყა. როგორც საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, ოჯახების უმრავლესობას კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მხოლოდ ერთი თვის მარაგის შესაძენი თანხა აქვს და ისინი დარწმუნებული არ არიან, რომ ეს თანხა მომავალში ეყოფათ.

არსებული მონაცემებით, ოფიციალურად დასაქმებული 849,3 ათასი მოქალაქიდან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამუშაო დაკარგა 90,8 ათასმა ადამიანმა. გარდა ამისა, იმავე პერიოდში 840,4 ათასი თვითდასაქმებულიდან უმუშევარი დარჩა 250 ათასი.

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, 300 ლარი დაერიცხება>>

ბევრი ადამიანი შემოსავლების გარეშე დარჩა ქვეყანაში ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო. კრიზისმა განსაკუთრებით ძლიერად დაარტყა მათ, ვინც უცხოელ ტურისტებზე იყო ორიენტირებული.

მთავრობის გეგმა და ოპოზიციის კრიტიკა

მთავრობა ამჟამად მზადაა მოსახლეობის დახმარებაზე 410 მილიონი ლარი დახარჯოს ბიუჯეტიდან.

ეს დახმარება მოხმარდება 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე მოსახლეობის კომუნალური გადასახადების გადახდას, ბავშვებისა და თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემას, ასევე შეჭირვებული ოჯახების სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებას.

მთავრობა სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

„საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან ზრუნავს მოქალაქეებზე და ეს ზრუნვა გაგრძელდება ნებისმიერ პერიოდში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ამ თემაზე საუბრისას.

ამასთან, ოპოზიციაში მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ დააფასეს და ხელისუფლება არჩევნების წინ (რომელიც 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს) მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს.

„ეს არის დაშინებისა და მოსყიდვის კომბინაცია. ეს არის ის, რასაც ივანიშვილი ქართველ ხალხს სთავაზობს: თუ თავისუფალ ნებას გამოხატავთ, დაისჯებით, თუ არა – გადმოგიგდებთ ამ დამამცირებელ დახმარებასო“, – ასე შეაფასა მთავრობის გეგმა პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

მთავრობის გეგმაში პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

გახარია: შემდგომი ორი წელიც ეკონომიკურად საკმაოდ რთული იქნება>>

„როდესაც დახმარების პირველი და მეორე ეტაპი არ არის სრულად გაცემული, მესამე ეტაპზე გადასვლის შესახებ მთავრობის განცხადება მხოლოდ პიარია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მხოლოდ ზრუნვა

მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აღნიშნავენ, რომ დახმარება მხოლოდ პანდემიას უკავშირდება და არა – არჩევნებს.

„გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე იმ ოჯახების სოციალური და ეკონომიკური დახმარება, ვინც ყველაზე მეტად დააზარალა პანდემიამ. ვაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს თანამოქალაქეებზე. ამიტომ დღეს მივიღეთ ახალი გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სახსრები საჭირო კალაპოტში მიდის.

ბავშვები საქართველოში ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

„პანდემიამ ეკონომიკური სირთულეები შექმნა და ამას სჭირდება პასუხი. ჩვენი პასუხი პირველ რიგში არის სოციალური დახმარება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად სოციალურად დაუცველად აღიარებულია დაახლოებით 137,1 ათასი ოჯახი, რაც ოჯახების საერთო რაოდენობის 12,9%-ს შეადგენს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 618 ათასზე მეტ ადამიანს თვეში 500 ლარამდე შემოსავალი აქვს, აქედან 246 ათასზე მეტს – 100 ლარი.