საპარლამენტო არჩევნები 2020: კვირის შედეგები

ამ კვირაში პარტიებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები განსაზღვრეს. კვირას არ ჩაუვლია სკანდალების გარეშეც
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. ბოლო კვირა პოლიტიკური მოვლენებით მდიდარი აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120–ს პარტიული სიებით და 30–ს – კენჭისყრით მაჟორიტარულ ოლქებში.

თემურ აბაზოვის ამბიციები და სკანდალი: „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიას ადგენს>>

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 550 054 მოქალაქეს – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

კვირის მთავარი მოვლენა

გასული კვირის მთავარი წინასაარჩევნო მოვლენა გახდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხრიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა. წარდგენა თბილისის გარეუბანში, ბუნებაში, ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ლიდერის თანდასწრებით გაიმართა.

გადამწყვეტი ბრძოლა თბილისისათვის: მოგების რა შანსები აქვთ „ოცნების" კანდიდატებს

პარტიამ 30–ვე დეპუტატი ერთბაშად წარადგინა. კანდიდატების სიაში ახალი სახეები არ აღმოჩნდა, თუმცა, ჩამონათვალში მოხვდნენ ყოფილი მინისტრები, რომლებიც ბოლო დროს პოლიტიკას ჩამოშორდნენ, ბიზნესმენები და რეგიონების ხელმძღვანელები.

ექსპერტების შეფასებით, კანდიდატების განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობა მმართველმა პარტიამ თბილისში წარმოადგინა, სადაც 30–ზე მეტი ოპოზიციური პარტია შეთანხმებულად ერთიან კანდიდატს წარმოადგენს.

ახლა „ქართული ოცნება" პარტიულ სიას ამზადებს, რომელიც უკვე გახდა განხილვის საბაბი მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის სკანდალური განცხადების გამო.

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს: გეგმები და პერსპექტივები>>

კვირის მთავარი სკანდალი

ბოლო კვირაში კვლავ აქტუალური გახდა დაპირისპირება ოპოზიციის შიგნით. ამჯერად საქართველოს ექს–პრეზიდენტის ყოფილი თანამოაზრეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

„ნაცმოძრაობა“ დიდი ალიანსისთვის ემზადება: ოპოზიციის გეგმები

მიზეზი მაჟორიტარობის კანდიდატები გახდა რეგიონებში. „ნაცმოძრაობამ“ მკვეთრი რეაგირება მოახდინა გავრცელებულ ხმებზე, რომ ზუგდიდში კანდიდატად შეიძლება „ევროპელების“ ლიდერი გიგი უგულავა წარადგინონ. ამის პასუხად „ევროპულმა საქართველომ“ პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გააერთიანონ ოპოზიციური ძალები და მთელი ყურადღება საკუთარ თავზე არ გადაიტანონ.

გვერდით არ გამდგარან სხვა ოპოზიციური პარტიებიც. „გირჩმა“ და „ახალმა საქართველომ“ განაცხადეს, რომ მზად არიან, უარი თქვან მაჟორიტარ კანდიდატებზე რეგიონებში, რათა ერთიანობას არ შეუშალონ ხელი.

კვირის მთავარი სასამართლო

გასულ კვირას არჩევნებთან დაკავშირებული სასამართლოს გარეშე არ ჩაუვლია.

საქართველოს უძველესმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცესკოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელმაც პარტიას დაგვიანებული მიმართვის გამო რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.

სამნიძე: სასამართლომ რესპუბლიკური პარტიის სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა>>

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება არამართლზომიერად ცნო და „რესპუბლიკელებმა“ რეგისტრაციის გავლის უფლება მიიღეს.

კვირის ინტრიგა

გასული კვირის მთავარი ინტრიგა ოპოზიციური პარტიების მხრიდან პარტიული სიების შედგენა გახდა.

ერთბაშად სამმა ოპოზიციურმა ძალამ ამ კვირაში განაცხადა, რომ განსაზღვრეს პირველი ნომრები. „ევროპული საქართველოს“ პირველი ნომერი დავით ბაქრაძე გახდება, „ლელო საქართველოსთვის“ – მამუკა ხაზარაძე, ხოლო „ლეიბორისტული პარტიის“ – შალვა ნათელაშვილი.

„ძალა ერთობაშია“ იშლება? ვინ ტოვებს გაერთიანებას

გავრცელებულმა ხმებმა მომავალი ბლოკის „ძალა ერთობაშია“ პირველი ნომრის შესახებ ქართული პოლიტიკა „ააფეთქა“. ჭორების მიხედვით, ბლოკს სათავეში საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ჩაუდგება, რომელიც ამ დღეებში საქართველოში ჩამოვა.

თავად ბლოკში ამ ჭორებს არ ადასტურებენ. თუმცა, როგორც „ნაცმოძრაობაში“ განაცხადეს, რომელიც ამ ბლოკის ლიდერია, ამ სიაში ბურჭულაძე, დიდი ალბათობით, იქნება, თუმცა ეს ჯერ კონსულტაციების საკითხია.

პაატა ბურჭულაძე კვლავ პოლიტიკაში მიდის? - ოპერის მომღერალი საქართველოში ბრუნდება>>

საარჩევნო საქმეები

ამასთან, ცესკო განაგრძობს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიების რეგისტრაციას.

საარჩევნო კომისია ჯერჯერობით არასაპარლამენტო პარტიების განაცხადებს განიხილავს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 68 პოლიტიკურმა ძალამ გამოთქვა.

შაბათისთვის რეგისტრაცია გაიარა უკვე 26–მა პარტიამ. 11–მა უარი მიიღო.

დარეგისტრირებული პარტიები:

  • „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“       
  • „სოციალური სამართლიანობისთვის“
  • „საქართველო“
  • „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  • „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“
  • „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ 
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
  • „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
  • „ევროპელი დემოკრატები“
  • „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
  • „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“
  • „ლელო საქართველოსთვის“
  • „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“
  • „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“
  • „სახელმწიფო ხალხისთვის“
  • „თავისუფალი დემოკრატები“
  • „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  • „თავისუფალი საქართველო“
  • „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“
  • „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“
  • „გამარჯვებული საქართველო“
  • „მწვანეთა პარტია“
  • „ქართული დასი“
  • „კანონი და სამართლიანობა“
  • „რეფორმატორები“