რატომ არ ჰქონდა აპარატში იაკობ ბრეგვაძეს წვეულების ფოტოები – გაბეჩავას პირველი კომენტარი

მცხეთაში დაბადების დღის წვეულების ინიციატორი ანი გაბეჩავა დუმილს არღვევს. ნახეთ რა განცხადებებს აკეთებს გოგონა ფოტოგრაფთან დაკავშირებით.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ფოტოფრაფი იაკობ ბრეგვაძე მცხეთაში დაბადების დღის წვეულებაზე გვიან მივიდა და, სავარაუდოდ, ამიტომ არ არის მის ფოტოაპარატში წვეულების ფოტოები, განუცხადა საბედისწერო ღამის იუბილარმა ანი გაბეჩავამ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორს ელისო კილაძეს ინტერვიუში.

ელისო კილაძემ გოგონა „ფეისბუქის“ მეშვეობით ჩაწერა, სადაც ანი გაბეჩავამ დეტალურად ისაუბრა 18-19 ივნისის ღამის შესახებ. გაბეჩავას თქმით, დაბადების დღეზე შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იაკობ ბრეგვაძის მისვლის შემდეგ ჩხუბი მალევე დაიწყო. გაბეჩავა ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძე მისი მეგობარია და დაბადების დღეზეც თვითონ დაპატიჟა.

„ვეღარ ვუძლებ...“ – გიორგი შაქარაშვილის დედის კომენტარი, რომელმაც სოციალური ქსელი შეძრა

ანა გაბეჩავა ჰყვება, რომ იაკობ ბრეგვაძე მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სავარაუდოდ, ავტოსტოპით წავიდა თბილისში, ლისის ტბაზე, სადაც, მისივე თქმით, ჩაისვეს მანქანაში და წავიდნენ თემქაზე, სადაც სხვა ახალგაზრდებთან ერთად დილამდე გაჩერდნენ.

„გავუჩერეთ მანქანა და ვუთხარით, რომ წამოსულიყო ჩვენთან ერთად და წამოვიდა. გზაში მოგვიყვა, რომ მანქანით გაჩერდნენ, ეს გაიქცა და სადღაც დაიმალა, რის შემდეგაც დარეკა „112“-ში და ჩამოიყვანეს თბილისამდე“, – ამბობს იმ დღის იუბილარი.

„საბურთალომ“ თამაშში გამარჯვება გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა

ანი გაბეჩავას თქმით, სწორედ თემქაზე ბინაში ასვლის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ნომერი არ ჰქონდათ.

18 ივნისს, გვიან საღამოს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული გაეშურნენ.

„ამორალურია“ – პრემიერი შაქარაშვილის დაღუპვის საქმის ირგვლივ სპეკულაციების შესახებ

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით მიმართა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი – რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.