თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის დედა თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში ფეხბურთელის ვიდეოს ეხმაურება და წერს, რომ მონატრებას ვეღარ უძლებს.
ეს გარდაცვლილის დედის პირველი კომენტარია, რომელიც მან სოციალურ ქსელში გააკეთა.
მანამდე შაქარაშვილის მშობლები სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდნენ. როგორც შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახმა სახალხო დამცველს სთხოვა, დაიცვას ისინი „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან.
18 ივნისს, გვიან საღამოს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული გაეშურნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით მიმართა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.
ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.