რა წესები უნდა დავიცვათ ზღვაზე - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

პლაჟები უნდა დაიყოს ზონებად, ფეხით მოსიარულეთათვის უნდა მოეწყოს ბილიკები, საშხაპეები და სანიტარული კვანძები უნდა დასუფთავდეს არანაკლებ ორსაათიანი ინტერვალებით
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. რა წესების შესრულება მოუწევთ ზღვის კურორტებზე საქართველოში - ზღვის სანაპირო ზოლისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

ზემო აჭარა აქტუალობას არ კარგავს: ჩირუხის მთა ტურისტული ცენტრი გახდება

რეკომენდაციების თანახმად, სანაპიროს ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. სასურველია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. შესაძლებლობის შემთხვევაში პლაჟები უნდა დაიყოს ზონებად. პერიოდულად უნდა განხორციელდეს სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან, რომელიც ერთჯერადი პარკებით დახურული სახით ნაგავსაყრელ ყუთებში უნდა განთავსდეს. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, სახის დამცავი ფარით ან ნიღბით.

„დაიცავით უსაფრთხო დისტანცია; აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება; წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით; დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვისაც ბავშვები დასასვენებლად ვერ მიჰყავს – რჩევა მანჩო გიორგობიანისგან

ასევე შემუშავდა მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისთვის.

სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება განხორციელდეს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ ორსაათიანი ინტერვალებით; სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები, ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

ტურისტების ჩამოსვლა კვლავ შეიძლება გადაიდოს?

დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია: ნიღაბი; ერთჯერადი ხალათი, სპეციალური/სქელი ხელთათმანები; თვალის დამცავი სათვალე ან სახის ფარი. მათ ასევე მოეთხოვება პირადი ჰიგიენის წესების ზედმიწევნით შესრულება.

რაც შეეხება ვიზიტორებს, მათგან მოეთხოვებათ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული წესების შესრულება. დახველების და დაცემინების დროს სუფთა ხელსახოცის გამოყენება.