მიმზიდველი პირობები: რას სთავაზობენ უცხოურ კომპანიებს საქართველოში

ინვესტიციების საქართველოში პროაქტიური მოზიდვის ფარგლებში 400-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან იგეგმება მოლაპარაკებები. ერთ-ერთან - კომპანია „ნესტლესთან" კონტაქტი უკვე არის
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უცხოურ კომპანიებს საკუთარი ბიზნესის საქართველოში გადმოტანას სთავაზობს.

გლობალური პანდემიის ფონზე საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს წარმოების გადმოტანისთვის, რამდენადაც ქვეყანაში დაბალი გადასახადები და ხელსაყრელი პირობებია ბიზნესის წარმოებისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მთავრობის გეგმები: ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ფართოვდება>>

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგია ითვალისწინებს მოლაპარაკებებს 400-ზე მეტ გლობალურ კომპანიასთან, რათა ისინი გაეცნონ საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობებსა და მათ მიმზიდველი საინვესტიციო პირობები შესთავაზონ, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

თურნავას განცხადებით, საქართველოს პლუსებში შედის ასევე სატრანსპორტო დერეფანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც, მიუხედავად კორონავირუსისა, არ შეჩერებულა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ პოტენციურ ინვესტორებს უფრო დეტალური და მათზე ორიენტირებული პირობები უნდა შესთავაზოს.

საქართველოს ინვესტიციების მოსაზიდად ამბიციური გეგმები აქვს

„აუცილებელია, რომ ამას ზევიდან დაემატოს კონკრეტული, ინდივიდუალური მუშაობა თითოეულ პოტენციურ კომპანიასთან, ვინც შეიძლება დივერსიფიკაციაზე (წამოვიდეს)... 400-ზე მეტია რეალურად მულტინაციონალური უცხოური კომპანია, რომელსაც პოტენციალი და ინტერესი გააჩნია, რომ მოხდეს დივერსიფიკაცია, შეიძლება დაინტერესდეს საქართველოში წარმოების გადმოტანით", - განაცხადა თურნავამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში და დასძინა, რომ ამ თემაზე მან კვირაში რამდენიმე ვიდეოშეხვედრა ჩაატარა.

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა ონლაინ-შეხვედრა გამართა გლობალური კორპორაცია „ნესტლეს" ევრაზიაში რეგიონულ დირექტორ მარსიალ როლანთან და რეგიონულ მენეჯერებთან შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი

"ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს გლობალურ ბრენდებთან, მსხვილ კომპანიებთან, ვისაც, ვფიქრობთ, რომ შეიძლება წარმოების საქართველოში გადმოტანის, ან ახალი წარმოებების განვითარების სურვილი გაუჩნდეს. დღეს ჩვენ „ნესტლეს" რეგიონულ დირექტორს ვესაუბრეთ და გავაცანით საქართველოს შესაძლებლობები და უპირატესობები, რომლითაც ისინი შეძლებენ, ისარგებლონ, თუკი გარკვეულ წარმოებებს გადმოიტანენ", - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს პრემიერმა ინვესტორებთან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილა

მისი თქმით, „ნესტლეს", სხვა პოტენციური ინვესტორების მსგავსად, რომლებიც პოსტპანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსვლასა და ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტენ, მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ექნება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შემდგომი მოლაპარაკებები "ნესტლესთან" თანამშრომლობის პერსპექტივებზე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ქართულმა მხარემ პოტენციურ ინვესტორს შესთავაზა, ესაა კვებისა და უალკოჰოლო სასმელების პროდუქციის წარმოება.

გახარია: ეკონომიკის სამინისტროს ქართული წარმოების განახლებაზე აქცენტის გაკეთება ევალება>>

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიღებს შედეგს, თუმცა მარტივი არ არის. ბევრი ქვეყანა ხედავს იმავე შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობები არის ლიმიტირებული დროში, ანუ ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რამდენიმე კომპანიის ახალი პროექტის შესახებ უკვე უახლოეს მომავალში გაიგოთ", - განაცხადა თურნავამ.

აწარმოე საქართველოში

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. ის მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იმავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს–სექტორის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ.

მეტი ინვესტიცია და სამუშაო ადგილი: წარმოდგენილია პროექტის „აწარმოე საქართველოში" სტრატეგია

2019 წელს დამტკიცდა სააგენტოს სტრატეგია ინვესტიციების გასაზრდელად. სააგენტოს დახმარებით, 2019 წელს ქვეყანაში გაჩნდა ხუთი ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ქვეყანას 83 მლნ დოლარს მოუტანს პირდაპირი ინვესტიციების სახით და შეიქმნება 850 ახალი სამუშაო ადგილი, განაცხადა უფრო ადრე სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: ბიზნესის განვითარება, ექსპორტის მხარდაჭერა და ინვესტიციების მოზიდვა.

პროგრამის ფარგლებში სააგენტომ მხარი დაუჭირა 359 სამეწარმეო პროექტს, რომელთა შედეგად ქვეყანაში 13 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. მათ შორის, გასულ წელს დაფინანსდა 85 პროექტი, რაც 31%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით. 19%-ით გაიზარდა ინვესტიციები კერძო სექტორის მხრიდან.

თურნავა: საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი>>

გარდა ამისა, მთავრობამ მხარი დაუჭირა 136 სასტუმრო პროექტს, რამაც 3,3 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. 2019 წელს მხარდაჭერა მიიღო 59-მა სასტუმრომ, რაც 48%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით.

სააგენტო გეგმაშია პროგრამის წარმატებით განხორციელების გაგრძელება, მეტი ბიზნესმენის მოზიდვა და მათთვის სხვადასხვა პროექტში მონაწილეობისას თანადაფინანსების მისაღებად პირობების შემსუბუქება.