სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ადამიანის უფლებების დაცვაში დიდი როლი ეკისრება – თოლორაია

საქართველოში მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს უკეთესად იცავენ, მაგრამ ნაკლებად უსმენენ მათ სატელეფონო საუბრებს.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2019 წელს გამოავლინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 135 ფაქტი, აქედან პასუხისმგებლობა 96 შემთხვევაში დაეკისრა კერძო ორგანიზაციას, ხოლო 39 შემთხვევაში – სახელმწიფო დაწესებულებას. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასული წლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

ეს პირველი ანგარიშია მას შემდეგ, რაც გენინსპექტორისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები გაერთიანდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონი 2018 წელს მიიღეს. პარლამენტმა 34 წლის ლონდა თოლორაიას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი გასულ წელს დაუჭირა.

პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოში – როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები

„შემცირებული სამართალდარღვევების მაჩვენებელი მომართვიანობის გაზრდის ფონზე მიუთითებს იმაზე, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა უწყებებში გაუმჯობესებულია, ისევე, როგორც კერძო ორგანიზაციებში, თუმცა ამ სფეროში კვლავ რჩება გამოწვევები“, – განაცხადა თოლორაიამ.

ფარულ საგამოძიებო საქმიანობაზე საუბრისას თოლორაიამ განაცხადა, რომ 2019 წელს სასამართლოებში შეტანილი იყო 2 279 შუამდგომლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ.

„აღნიშნულ განჩინებათა უმეტესობა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას შეეხებოდა. ამ მიმართულებით სასამართლოს მხიდან 1362 განჩინება გაიცა. ფაქტობრივად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვის განჩინებების რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც წინა წელს იყო“, – აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.

სახელმწიფო ინსპექტორებს უფლებამოსილება გაეზარდათ>>

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მონიტორინგის პროცესში მიმდინარე ფარული თვალთვალის შეჩერების უფლება აქვს. ეს უფლება უწყებამ 2019 წელს 98 შემთხვევაში გამოიყენა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. გასულ წელს, სამსახურს ორ მნიშვნელოვან ფუნქციასთან – პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგთან ერთად დაეკისრა ასევე საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელება, რამაც ჩვენი როლი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ უფრო გაზარდა“, – განაცხადა თოლორაიამ.

მალე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოძიების სწრაფად დაწყება, არამედ ასევე საგამოძიებო ქმედებების სწრაფად ჩატარება.

„16 გამომძიებლის საშუალებით 2019 წელს დაწყებულ საქმეებზე ჩავატარეთ 1200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოიკითხა 700-ზე მეტი პირი, დათვალიერდა 250-მდე ობიექტი, გამოთხოვილ იქნა 180 მეტი ვიდეოჩანაწერი და დოკუმენტი, ჩატარდა, ასევე, 74 ჩხრეკა და ამოღება და 13 საგამოძიებო ექსპერიმენტი“, – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას, დამამცირებელ მოპყრობას მართლწესრიგის დამცავი ორგანოების წარმომადგენელთა და ჩინოვნიკთა, ასევე მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან.

ვინ დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს წამებისაგან>>

გარდა ამისა, ახალი საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევები.