აბასთუმნის ტყეში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია

ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც ხანძრის კერებისკენ 13 გაფრენა განახორციელეს
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. აბასთუმნის ტყეში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებული იყო 65 მეხანძრე-მაშველი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის და ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურებიდან. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც ხანძრის კერებისკენ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა

უკვე საღამოსთვის ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. მთელი ღამის განმავლობაში ტყის მასივში 25 მეხანძრე რჩებოდა. დრონების გამოყენებით კერების უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობდა.

„ადგილზე შექმნილი საგანგებო შტაბის მუშაობა წყდება და მონიტორინგის მიზნით რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები“, - განაცხადეს უწყებაში.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში 13 ივნისს დღის ორ საათზე შევიდა.