დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა სექტემბერში – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

ქვეყანაში სასწავლო წლის დაწყება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მაინც ემზადება კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღისა და სწავლის მორიგი გადადებისთვის.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში შეიძლება არ დაიწყოს, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დასვენება პანდემიის დროს: როგორ იმუშავებენ სასტუმროები საქართველოში>>

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს, თუმცა ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ისინი სრულიად უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, განაცხადა მინისტრმა. მათი ჩატარების ზუსტი ვადები ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა და განაცხადა, რომ თუ მოქალაქეები არ ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან, კვლავ საჭირო გახდება შეზღუდვების დაწესება. ხელისუფლება, თავის მხრივ, ყველა თავის ვალდებულებას შეასრულებს ჰოსპიტალური სექტორის კუთხით, მაგრამ თუ მოქალაქეებთან ერთობლივი მუშაობა არ იქნება, რისკები შეიძლება გაიზარდოს, აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული რისკები არ გამართლდა, რადგანაც მოქალაქეები მკაცრად იცავენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის წესებს.

კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით – ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

„ჩვენი მოქალაქეებისგან მოვითხოვთ, იყოს მკაცრად დაცული ყველა ის ღონისძიება და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა. განვაგრძოთ და ინტენსიურად მოვიხმაროთ ნიღბები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში... მხოლოდ მსგავსი ქცევის ნორმა არის იმის გარანტია, რომ ჩვენთან არ მოხდეს ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელება“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამგვარად, დღეისათვის ეს ვირუსი 794 ადამიანს დაუდგინდა.

გამოჯანმრთელდა 624 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 301 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღი შესაძლოა შეიცვალოს: მინისტრის განმარტება>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.