მიდის თუ მოდის გიორგი გახარია? ვინ რა კითხვაზე მიიღო პასუხი

სალაყბოს დიდი ოთხშაბათი: თვითდაჯერებული პრემიერ-მინისტრი და გაწბილებული ოპოზიცია, ვინ რას ელოდა და რა მიიღო, ვის უხარია გახარია და გადამდებია თუ არა გიორგი გახარიას განწყობა?
Sputnik

სამსონ ხონელი

ხალხის რჩეულები დათქმულ დროს შეიკრიბნენ. პოლიტიკური მასტერ-კლასი შედგა! არავინ იფიქროს, ეს მხოლოდ ჩემეული დასკვნაა. გადავხედე სოციალურ ქსელს და დავრწმუნდი, რომ პარლამენტში გამართული თერთმეტსაათიანი სანახაობა საზოგადოების დიდმა ნაწილმაც, ჩემი არ იყოს, სწორედ ასე შეაფასა. მეტი კონკრეტიკა! – შესაძლოა მიმითითოს მკითხველმა და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. რა გაეწყობა, უნდა დავაზუსტო. როგორ მუშაობდა მთავრობა, რა ღონისძიებები გატარდა კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში?..

COVID-19-ით ინფიცირებული ლარი და მძიმე პაციენტის პერსპექტივა

პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა თავად გიორგი გახარიას ინიციატივით გაიმართა. იყო პრემიერ-მინისტრის საკმაოდ ვრცელი მოხსენება, პოლიტიკური შეფასებებით გაჯერებული მწვავე და ნაკლებად მწვავე, ზოგჯერ არაკორექტულად დასმული კითხვები, ვისთვის ამომწურავი და დამაჯერებელი, ვისთვისაც ზერელე პასუხები. ბოლოს კი – გიორგი გახარიას დასკვნითი სიტყვა. შემდეგ მოვლენები ძველი და კარგად დავიწყებული სცენარით წარიმართა – დებატების მონაწილეებმა და გარედან მაყურებლებმა შეფასებებისთვის მოიცალეს. რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ, დარწმუნებული ვარ, რომ საერთო პათოსს გაგიზიარებთ...

ყველაფრით უკმაყოფილო და სამყაროზე გაბრაზებულმა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ვერც ამჯერად აჯობა საკუთარ თავს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე გიგა ბოკერია: „გიორგი გახარია კითხვებს არ პასუხობდა, ან პირდაპირ სიცრუეს ამბობდა“.

არშემდგარი „ეკონომიკური აპოკალიფსი“ და გამარტივებული თამაშის წესები

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე: „მისი არც ერთი სიტყვა სანდო არ არის... პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა: „გიორგი გახარია არის ჯალათი და რაც არ უნდა ეცადოს, ამოეფაროს თეთრ ხალათს, ის თავის სისხლიან ხელებს ვერ დამალავს“.

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე: „მშიერი ქვეყნისა და მშიერი მოსახლეობის პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს ტაშს არ უნდა უკრავდეს“.

პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე: „პოზიტიურია, რომ პრემიერ-მინისტრმა იგრძნო პასუხისმგებლობა, მივიდა პარლამენტში, უპასუხა კითხვებს, თუმცა მისი გამოსვლა თვითკმაყოფილებით იყო გაჯერებული“.

„ოცნების“ მაშველი რგოლი და ეკონომიკური კრიზისის საწინააღმდეგო „ვაქცინა“...

ერთი სიტყვით, ოპოზიციისთვის მოსაწონი და მისაღები მთავრობის არც გაწეული საქმიანობა იყო და არც ამ გარჯის ამსახველი პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიში. გიორგი გახარია კი, ახალს არაფერს ვიტყვი, მმართველი გუნდის ოპონენტებს უკვე დიდი ხანია, რაც „ყელში ჰყავთ გაჩხირული“. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, რომ ამჯერად დებატებისთვის ოპოზიციის მზადყოფნით უკმაყოფილო ოპოზიციის რიგებშივე აღმოჩნდა.

პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე: „ოპოზიცია ძალიან სუსტი იყო, დებატებს მოუმზადებელი შეხვდა. გიორგი გახარიამ მოიგო. როცა ეკონომიკურ საკითხებზე აპირებ ლაპარაკს, პრემიერ-მინისტრს არ უნდა ჰკითხო, რატომ გაძვირდა წიწიბურა. არის სხვა, გაცილებით უფრო მწვავე პრობლემები... ოპოზიციას კომპეტენცია არ ეყო და გიორგი გახარიამ ბოლოს მას დაცინა“.

მმართველი გუნდი დებატების შედეგებით კმაყოფილებას არ მალავდა და, ვეჭვობ, საფუძველიც ჰქონდა. ბალანსს შეგნებულად დავარღვევ და ხელისუფლების მხოლოდ ორი წარმომადგენლის მოკლე კომენტარს შემოგთავაზებთ. პროსახელისუფლებო ქმედებას ვერავინ დამაბრალებს.

COVID-19... მკაცრი შეზღუდვები და ეკონომიკური კრიზისის კონტურები...   

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი: „სრული ლუსტრაცია იყო, ოპოზიცია და ვირუსი ერთ მხარეს აღმოჩნდნენ“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე: „ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერ-კლასი, რომელიც გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა ჩაუტარა“.

საინტერესოა, როგორია არბიტრების, პოლიტიკური პრეფერენციებისგან მეტ-ნაკლებად მაინც თავისუფალი ექსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებები?

გია ხუხაშვილი: „ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, ის, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე“.

ვახტანგ ძაბირაძე: „იშვიათი შემთხვევა იყო, შეიძლება გამონაკლისიც კი, როდესაც მმართველმა გუნდმა სწორად განსაზღვრა თემაც და სწორად წაიყვანა კამათიც“.

გიორგი ცუცქირიძე: „დადასტურდა მწარე რეალობა, პოლიტიკური კლასი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს... ამ ტიპის ოპოზიცია არის კატასტროფა“.

მსოფლიო ეკონომიკის კორონიზაცია და ჩვენებური ვარაუდები

ხათუნა ლაგაზიძე: „ოპოზიციამ უნდა დაინახოს გამოწვევა – კარს მომდგარი არჩევნები მისთვის რთული იქნება. „ქართული ოცნების" ამომრჩეველმა მიიღო ის, რასაც ეძებდა. ეს არის ძლიერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი ვირუსთან ბრძოლაში და რომელსაც მიღწეულმა შედეგმა თავდაჯერება შემატა“.

პარლამენტში გამართული დებატების შინაარსზე დეტალურად არ შევჩერდები. იმედია, რომ მკითხველს კარგად მოეხსენება. თუმცა, ერთს დავძენ, პრემიერ-მინისტრი ბოლო დროს მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. „კი არ მივდივარ, მოვდივარ!“ – თქვა გიორგი გახარიამ და მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით დაუსვა წერტილი. სხვისი არ ვიცი, ჩემთვის კი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში სწორედ ეს ხაზგასმული რეპლიკა იყო ყურადსაღები.

ემუქრება თუ არა კორონავირუსი ლარს, ანუ ბუნდოვანი პერსპექტივა

ერთი სიტყვით, პრემიერ-მინისტრი გამორჩეულად დამაჯერებელი იყო. სავარაუდოდ, მისი ეს განწყობა ეროვნულ სიამაყეს გადაედო... რომელ ერთს? – შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და დავაკონკრეტებ – ლარს! ფაქტია, რომ ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა, მართალია მცირედით, მაგრამ გამყარდა. თუმცა, ვითარება უმძიმესია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეგიონში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოსთან შედარებით ბევრად რთული სიტუაციაა, ლარს მაინც ყველაზე მეტად გაუჭირდა.     

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მარტში ლარი რეკორდულად, 22 პროცენტით გაუფასურდა. შედარებისათვის: ამავე პერიოდში დაახლოებით 20 პროცენტით შემცირდა რუსული რუბლი, თურქული ლირა – 16 პროცენტით, აზერბაიჯანული მანათისა და სომხური დრამის რყევის დიაპაზონი კი 2 პროცენტის ქვემოთ არის.   

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი საშუალო კურსი 3.20 – წონასწორობის ხელოვნური წერტილია, რადგან ეროვნული ბანკი ყველანაირად ცდილობს, ლარის შემდგომი დევალვაცია და გაუფასურება არ მოხდეს.

წყაროზე ნათქვამი... ანუ ვინ მიდის და ვინ დარჩება?

ფინანსისტი ნიკა შენგელია: „თუ ლარის გაცვლითი კურსი 3.30-ს გადასცდება, პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების 8-12 პროცენტით გაძვირებაა მოსალოდნელი. ამიტომ ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე აქტიურად ერევა და მარტის თვიდან დღემდე უკვე 120 მილიონი დოლარი აქვს გამოტანილი ინტერვენციების სახით“.

რა აუფასურებს ეროვნულ ვალუტას, როდესაც რეგიონის სხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ბევრად მძიმე ვითარებაა, ვიდრე ჩვენთან? როგორც ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის პოლიტიკაა. 

ეკონომისტი მიხეილ თოქმაზიშვილი: „ამ შემთხვევაში არსებობს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები. სუბიექტური მიზეზებიდან შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, რომ მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის რეაქცია ყოველთვის დაგვიანებულია ხოლმე, ამიტომ ნდობა დაეცა, ხოლო რისკები უფრო მეტად გაიზრდა. მეორე მხრივ, ვიცით, რომ რეგიონის ქვეყნებში მკაცრი აკრძალვები არ დაწესებულა, შესაბამისად, ეკონომიკამაც უფრო თავისუფლად იმუშავა. საქართველოში კი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველაფერი გაჩერდა და ესეც არის მიზეზი იმისა, რომ ლარი რეკორდულად გაუფასურდა“.

ცოტა ღვინო, ცოტაც თხილი... კიდევ რას ვყიდით მსოფლიო ბაზარზე?

როგორია პროგნოზი? ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობა მოკლევადიან პერიოდში ლარის კიდევ მეტად გაუფასურების საშიშროებას ვერ ხედავს. მათი თქმით, სავარაუდოდ, ლარი ერთხანს ამ ნიშნულზე შეჩერდება, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში ის გაუფასურდება. ეს პროცესი დინამიკურად წარიმართება.

ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკის ამუშავებას იმპორტის გააქტიურება მოჰყვება, შესაბამისად გაიზრდება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნაც, რაც ლარის სიმყარეს დამატებით პრობლემას შეუქმნის. კი, მაგრამ ეკონომიკის ამუშავებით ექსპორტიც მოიმატებს. შედეგად ქვეყანაში მეტი ვალუტა შემოვა – ბრძანებს მკითხველი და ძნელია, არ დაეთანხმო. თუმცა, სწორედ ეს არის მთავარი – მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განსაზღვრავს ლარის კურსს. შესაბამისად, სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება იმპორტ-ექსპორტის სალდო, რომელიც საქართველოს მკვეთრად უარყოფითი აქვს. და, მაინც, გადამწყვეტია ეკონომიკური აქტიურობის მასშტაბები, როგორი იქნება ტემპი, რის საშუალებას მოგვცემს COVID-19?..