აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მლნ დოლარი გამოუყო

აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხები საშუალებას იძლევა, შემსუბუქდეს კრიზისის ნეგატიური გავლენა ბიზნესზე და შენარჩუნდეს თანხები მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისთვის.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობის დასახმარებლად 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლისთვის, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

„COVID-19-მა საქართველოს – მნიშვნელოვანი სავაჭრო და ტურისტული ჰაბის ჯანდაცვა და ეკონომიკა დიდი რისკის წინაშე დააყენა. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პანდემიის საპასუხო ქმედებებში. ეს კომპლექსური პაკეტი ქვეყნისთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 13,6 მილიონ ევროს გამოუყოფს

ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ჯანდაცვის მოწყვლადი სისტემის დასაცავად დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით ნაბიჯები იანვარში გადადგა, თუმცა პანდემიამ ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. გადაადგილების შეზღუდვამ ძლიერი დარტყმა მიაყენა ტურისტულ სექტორს და, შედეგად, უცხოელი ტურისტების რაოდენობა, გასული წლის მარტთან შედარებით, თითქმის 60%-ით შემცირდა.

პროგრამა CARES (ხარჯვითი დახმარება) საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. დაფინანსება მოიცავს გადასახადების გადავადებას 4 ათასზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული საწარმოსთვის, ასევე კრედიტების სუბსიდირებას მინიმუმ 2 ათასი მცირე და საშუალო სასტუმროსთვის.

მილიარდ ნახევარი საქართველოს ეკონომიკისთვის: დონორებთან მოლაპარაკებების შედეგები>>

კრედიტი ასევე მოხმარდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს. დროებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე, რომლებიც პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან, 250 ათასი თვითდასაქმებული მოქალაქე, აგრეთვე მოხმარდება 1,2 მილიონი მოქალაქის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას. ამას გარდა, ნახევარი წლის განმავლობაში ცხრა ძირითად პროდუქტზე იქნება ფიქსირებული ფასები.

საქართველოსთვის პირველი საერთაშორისო დახმარება: ვინ და როგორ დაეხმარება ქვეყანას

აზიის განვითარების ბანკის პაკეტი შემუშავდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოში COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად კოორდინირებული სამუშაოების ფარგლებში.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ორგანიზაცია, რომელიც 1966 წელს დაარსდა, აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარს 2007 წლიდან უჭერს და მისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის დღემდე გამოყოფილი ვალების საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.