თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მთლიანი შემთხვევების 12,7 პროცენტს შეადგენს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, რომელიც დღეს მარნეულში იმყოფებოდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კახეთში დღეს დადასტურებული პირველი შემთხვევაც მედმუშაკს უკავშირდება.
მარნეულის მერიაში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე რეგიონებში ეპიდაფეთქების შეკავების გზებზე იმსჯელეს.
„არანაირი ინფორმაცია არ დამალულა, ქვეყანაში გვაქვს 12,7% სამედიცინო პერსონალის ინფიცირება. არა მხოლოდ ქვემო ქართლში, არამედ მთლიანად. ეს არის დღეს საშუალო ევროპული მაჩვენებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კოლეგებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვართ წინა ხაზზე. ამის გამო, ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად უნდა დავიცვათ ის წესები, რაც დაკავშირებულია ინფექციის კონტროლთან – დამცავი საშუალებების ტარება, მათი ჩაცმა-დახურვა-გახდა და ა.შ, მაგრამ მედიცინაში 100 პროცენტიანი არაფერია, ამიტომ იქნება ეს ომი იარაღით თუ კორონასთან ბრძოლა, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ მოწყვლადი პოპულაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა მარნეულის სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირებაზეც და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი შეიცვლება, რათა რეგიონში არ შეწყდეს სამედიცინო მომსახურება.
ასევე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მარნეულში, შესაძლოა, PCR ლაბორატორია ადგილზევე მოეწყოს.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ მოვახერხეთ, მარნეულშივე მოვაწყოთ ლაბორატორია, რათა ნაცხების თბილისში ტარება არ მოგვიწიოს. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეც ვფიქრობთ, რომ მოეწყოს „ავერსის“ ან „ჯეოჰოსპიტალსის“ ბაზაზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირების 189 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის თეთრიწყაროში - 48, ბოლნისში - 107 და მარნეულში - 33.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 582-ს აღწევს. აქედან გამოჯანმრთელდა 207ადამიანი, რვა პაციენტი გარდაიცვალა.