კორონავირუსმა კაცობრიობა დადგენილი ნორმებისა და ღირებულებების გადაფასებაზე დააფიქრა. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მრავალ განვითარებად ქვეყანას ნათლად დაანახა, რომ საჭიროა პრიორიტეტების შეცვლა.
ქვეყანა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად მნიშვნელოვანია შიდა წარმოების განვითარება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება.
საქართველოს სამომხმარებლო კალათის 75% დღეს იმპორტირებული პროდუქციისგან შედგება. მათ შორის არის უმნიშვნელოვანესი მარცვლეული - ხორბალი.
ერთი წლის განმავლობაში საქართველო 500-700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. აქედან რუსეთზე ხორბლის იმპორტის 90% მოდის. ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, რუსული მარცვლეულის ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელია.
მარცვლეულის მოსავლიანობის ზრდა პრიორიტეტული საკითხია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ხორბლის წარმოებამ 102,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 4,3%-ით ნაკლებია. 2019 წელს შემცირდა ასევე საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. კვლევების თანახმად, ამ მაჩვენებელმა ერთ ჰექტარზე 2,3 ათასი ტონა შეადგინა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსავლიანობის ზრდის მიზნით უწყებას მომზადებული აქვს პროექტი, რომლის სარეალიზაციოდ აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს უცხოურ კომპანიებთან.
„ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკთან მელიორაციის განვითარების მიმართულებით, რომელიც არა მარტო ხორბლის, არამედ სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარებისთვის უმთავრესია. კიდევ 200 მილიონ დოლარზე მიდის საუბარი“, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა პირველი არხის ეთერით.
მისი თქმით, ეს თანხა მოხმარდება როგორც მოსავლიანობის გაზრდის პროექტს, ისე აგრობიზნესის სხვადასხვა დარგის განვითარებას.
როგორც ხანიშვილმა განაცხადა, საქართველოში წარმოებული ხორბალი „ქვეყნის მოხმარების მხოლოდ 10-15 პროცენტს შეადგენს. არადა, ადგილობრივი ხორბლის წარმოების 400 ათას ტონამდე გაზრდის საშუალება არსებობს, თუ ერთ ჰექტარზე ხორბლის მოსავალი ამჟამად არსებული 2.3-2.7 ტონიდან 5-7 ტონამდე გაიზრდება“.
გეგმები კარგია, მაგრამ მოსახლეობას გამოკვება დღესვე სჭირდება. ამიტომ საქართველო განაგრძობს ხორბლის შემოტანას. და როგორც არ უნდა ეცადოს ქვეყანა ბაზრების დივერსიფიცირებას, რუსულ ბაზარს ჯერჯერობით ალტერნატივა არ უჩანს.
ყაზახური ხორბალი, რომელიც მაღალი ხარისხითაა ცნობილი, ფასით რუსულს მაინც ვერ მიედრება, რამდენი სუბსიდიაც არ უნდა დახარჯოს ყაზახეთმა ხორბლის ტრანსპორტირებაზე, პროდუქტის ფასი მაინც არაკონკურენტულია.
საქართველო ხორბლის ახალ მომწოდებლებს ეძებს>>
გასული წლის დეკემბერში 30 ათასი ტონა შემოვიდა აშშ-დან და იმპორტი წელსაც იგეგმება, მაგრამ ეს ყველაფერი არის იმ მოცულობის დანამატი, რომლითაც ქვეყნის მომარაგება მხოლოდ რუსეთს შეუძლია.
ხორბალს ოქროს ფასი აქვს
სასურსათო უსაფრთხოების დასაცავად ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები საკვანძო საქონლის რეალიზაციაზე დროებით შეზღუდვებს აწესებენ.
„იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოები ბაზრების დახურვასა და იმის თვლას შეუდგნენ, რამდენი ხორბალი დასჭირდებათ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მათ რესურსების კვოტირება დაიწყეს. მაგალითად, ყაზახეთიდან შეიძლება თვეში 200 ათასი ტონა ხორბლისა და 60 ათასი ტონა ფქვილის გამოტანა. იმავეს აკეთებს უკრაინა. მათ უკრაინის ხორბლის ასოციაციასთან მემორანდუმი აქვთ გაფორმებული, რამდენი გააქვთ, რომ უკრაინამ არ იზარალოს. კვოტები რუსეთმაც დააწესა, რათა 1 აპრილიდან სამი თვის განმავლობაში, მიმდინარე მარკეტინგული წლის ბოლომდე, რომელიც 31 ივნისს იწურება, გაიტანონ არაუმეტეს 7 მილიონი ტონა“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
კვოტირების გამოცხადების შემდეგ საქართველომ დაახლოებით 20 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა რუსეთიდან. პანდემიის გამოცხადების პარალელურად ერთი ტონა ხორბალი ამ ქვეყნიდან გაძვირდა და დღეს 240-245 დოლარია. მანამდე კი 210-215 დოლარი ღირდა.
საქართველოში 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა>>
რუსეთში კვოტების დაწესების მიუხედავად, საქართველოში ხორბლის იმპორტს პრობლემები არ უნდა შეექმნას, რადგან ქვეყანა პატარაა, შესაბამისად, არც ისე ბევრი შემოაქვს. მთავარია - ფული იყოს.
სუბსიდირების პროგრამა
ხორბლის მკვეთრ გაძვირებასთან დაკავშირებით კომპანიების დასახმარებლად, ასევე პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობამ ხორბლისა და ფქვილის სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა.
„სუბსიდიებს მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარაზე სამი თვის განმავლობაში შეინარჩუნებენ ფასს 51 ლარის დონეზე. ეს ფასი დღეს მისაღებია პურის მწარმოებლებისთვის, რათა ის არ გაძვირდეს და სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტი სტაბილურ დონეზე იყოს. რეალურად კარგი დახმარებაა, ამასთან, კონკურენტუნარიანი მექანიზმიცაა, რადგან ითვალისწინებს, რომ მთელი 40 ათასი ტონა ერთმა კომპანიამ შემოიტანოს“, - აღნიშნა სილაგავამ.
სულ ხელისუფლება აპირებს 40 ათასი ტონა ხორბლის შემოტანის სუბსიდირებას. პროგრამის რეალიზაციას მთავრობა 5,2 მლნ ლარს მოახმარს.
პროგრამის პირობების თანახმად, იმპორტიორი, რომელიც საქართველოში 2-დან 40 ათას ტონამდე ხორბალს შემოიტანს, სახელმწიფოსგან ერთ ტონაზე 40 დოლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებს.
პური შეფუთულ მდგომარეობაში უნდა გაიყიდოს – მომხმარებელთა ფედერაცია რეკომენდაციას გასცემს>>
ამ საქმეში წვლილის შეტანა გაზგამანაწილებელმა კომპანია „სოკარ ჯორჯიამაც“ გადაწყვიტა და პურის ქარხნებისთვის ერთ კუბომეტრ აირზე ტარიფი 10 თეთრით შეამცირა. ეს, ექსპერტების აზრით, კარგად აისახება პურის ფასების სტაბილიზებაზე.
ლოგისტიკის პრობლემა
უსაფრთხოების ზომებმა და შეზღუდვებმა ბევრ ქვეყანაში დიდი პრობლემები შეუქმნა ლოგისტიკის სფეროსაც.
„კარანტინი მოქმედებს ლოგისტიკურ ჯაჭვზეც, რომელიც ევროპიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან მოდის. შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა. მძღოლები ქვეყანაში შემოსვლისას, იმის ნაცვლად, რომ საქონელი გადმოტვირთონ და რამდენიმე საათში უკან დაბრუნდნენ, ორკვირიან კარანტინში ხვდებიან. ასეთი პრობლემები ართულებს ლოგისტიკას და ზრდის მის ფასს. რადგან გადამტანებს ახლა მეტი პრობლემა აქვთ“, - აღნიშნა სილაგავამ.
დღეს მსოფლიოში ერთი ტონა ხორბლის ფასი 213-250 დოლარს შორის მერყეობს.
„ფასი იზრდება იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ქვეყნები გამალებით ყიდულობენ ხორბალს. თურქეთმა ჩაატარა ტენდერი, ეგვიპტემ ჩაატარა ტენდერი. მათ დიდი რაოდენობით ხორბალი მიაქვთ. ამიტომ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია და ფასიც იზრდება“, - აღნიშნა სილაგავამ.
ივნისში ახალი მოსავალი იქნება და ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზი საიმედოა. მოსალოდნელია ხორბლის გაიაფებაც. მაგრამ გადაჭრით იმაზე საუბარი, რა იქნება მომავალში, შეუძლებელია, მით უფრო, კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ამიტომ ქვეყნებმა შეიძლება ნაკლები ხორბალი გაყიდონ, რადგან არ იციან, რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვები კორონავირუსის გამო.
ბეღლები სავსეა ხორბლით
საქართველოს ორი თვის ხორბლის მარაგი აქვს. ამიტომ გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში სახელმწიფო რუსეთსა და სხვა ექსპორტიორ ქვეყნებში ახალი მოსავლის აღებამდე გაძლებს. ამას დაემატება საკუთარი მოსავალი, რომელიც ასევე ორ თვეს გვეყოფა.
„საკუთარი მოსავალი ცოტაა, მაგრამ საქართველოს ორი თვის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ჩვენ ცოტა ხნით შვებით ამოვისუნთქებთ და დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში. მოსალოდნელია, რომ მსოფლიოში ხორბლის კარგი მოსავალი იქნება. მარაგი დაახლოებით ორი თვის გვაქვს. ეს არის გარდამავალი მარაგი, რომელიც მუდმივად ივსება“, - აღნიშნა სილაგავამ.
ფქვილის მარაგი საქართველოს მოსახლეობასაც აქვს. პანიკის პირველი ტალღის დროს უმეტესობამ პროდუქტის გაძვირებისა და გაქრობის შიშით ფქვილიც მოიმარაგა. ახლა ერთი ტომარა, დაახლოებით 50 კგ ფქვილი, თითქმის ყველა სახლში მოიძებნება.