ალექსანდრ სობკო
ის განისაზღვრება მყიდველის სურვილით, შეავსოს საცავები მიზერულ ფასად შეძენილი ნედლეულით (მისი დღევანდელი ღირებულება ვერ ანაზღაურებს მწარმოებელთა მოკლევადიან, სამეწარმეო ხარჯებსაც კი).
გლობალური მოთხოვნილების შემცირებას სპეციალისტები განსხვავებულად აფასებენ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვარაუდობდნენ, რომ აპრილისთვის მოთხოვნილება დღეში 15-20 მლნ ბარელით, ანუ 15-20%-ით შემცირდებოდა. ახლა კი 25 მილიონზე საუბრობენ. ამ ფონზე უკვე იხილება, რამდენი კვირისა თუ თვის მარაგია (რომლის წყალობითაც ჯერ კიდევ ხერხდება ფასების ასე თუ ისე შენარჩუნება) საცავებში დაგროვილი.
არსებობს ყველა საფუძველი ვარაუდისა, რომ ახალ რეალობაში ფასების ომსა და ნავთობის მოპოვების სერიოზულ ზრდაზე საუბარი არ მოგვიწევს (ეს თემა აქტიურად იხილებოდა „ოპეკი+“ გარიგების ჩაშლის შემდეგ). ამ დამატებითი მოცულობის გაყიდვა რთული იქნება, თუმცა არსებულ ვითარებაში ასეთი ნაბიჯები უადგილოცაა. მაგრამ, ამასთან, არც მომწოდებლების მხრიდან შემოთავაზების მომენტალურად შემცირებაა მოსალოდნელი. ზოგი ახერხებს ბაზარზე წილის შენარჩუნებას, ზოგს უჭირს ტექნოლოგიური პროცესების შეჩერება. ჯერჯერობით მიმდინარე მოვლენებმა იმოქმედა ფიქალური ნავთობის მოპოვებაზე: აშშ-ში ჭაბურღილების რაოდენობა ერთ კვირაში 40 ერთეულით შემცირდა. საუდის არაბეთი კი მაისში დღეში დამატებით 600 ათასი ბარელის ექსპორტს გეგმავს, რაც შესაძლოა იყოს ვაჭრობის ელემენტი. უმსხვილეს ნავთობმომპოვებლებს შორის ახალი გარიგების დადება ხომ კვლავ დღის წესრიგშია.
„ოპეკი+“ გარიგების ჩაშლის მიზეზებს სულ უფრო იშვიათად იხილავენ. კორონავირუსმა ყველაფერი ამოატრიალა. ამ ფონზე მტყუან-მართალის გარჩევა უკვე არ არის მარტივი და, რაც მთავარია - არც მნიშვნელოვანი. ნათელია, რომ მოთხოვნილების შემცირების კომპენსაციას ვერავითარი გარიგება ვერ შეძლებდა.
ამის მიუხედავად, ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში დღის წესრიგშია. უმსხვილეს მწარმოებლებს შორის ახალი შეთანხმების გაფორმება დღეს, შესაძლოა, უფრო აქტუალურიც კი არის, ვიდრე ერთი თვის წინ. თუნდაც იმიტომ, რომ სხვაგვარად შემჭიდროებულ ვადებში ფასების გამოსწორება წარმოუდგენელი იქნება.
უბრალო შეფასებები: იქნებ ორ თვეში საცავები შეივსოს დაახლოებით მილიარდი „ზედმეტი“ ბარელით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად დამატებით სამი მილიონი ბარელის შეთავაზებას მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ისიც ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით მოთხოვნილების სრულად აღდგენის შემთხვევაში.
ზემოთქმულიდან ნათელია, თუ რატომ ვარაუდობენ დამკვირვებლები საბაზისო ვარიანტში ფასების ძალიან ნელ აღდგენას (საუბარია წლის ბოლოსთვის ერთი ბარელის ფასის 40 დოლარამდე გაზრდაზე) საკარანტინო შეზღუდვების უახლოეს კვირებში დასრულების შემთხვევაშიც კი.
როგორ განვითარდება მოვლენები
არსებობს ორი თეორიული ვარიანტი. პირველი - „ბაზრის უხილავი ხელი“, რომელიც ფართო დიაპაზონში იწვევს ფასების ვოლანტილობას, როდესაც გადაჭარბებულ წარმოებასა და დაბალ ფასებს ჩაანაცვლებს არასაკმარისი ინვესტირება და დეფიციტი. მეორე - ესაა შესაძლო მარეგულირებელი მექანიზმები „ოპეკისა“ და „ოპეკი+“-ის ან უფრო ფართო კოალიციის ფარგლებში.
მოვლენათა განვითარების სასურველი, მაგრამ ჰიპოთეტური სცენარი, რომელსაც ამას წინათ ვიხილავდით, დღევანდელი გადასახედიდან სულ უფრო რეალური ჩანს. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ტელეფონით საუბრისას შეთანხმდნენ ნავთობის ბაზრის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვაზე ენერგეტიკის მინისტრების დონეზე. ტეხასელმა მენავთობეებმა კი სარკინიგზო კომისიას (შტატის ნავთობის ბაზრის ფაქტობრივი მარეგულირებელი) მოსთხოვეს შავი ოქროს მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვების განხილვა.
მართლაც, შოკის მასშტაბები უპრეცედენტოა. ნავთობის ფასი 1990-2000-იანების მიჯნაზე არსებული ღირებულების დონეზე დაეცა. ოფიციალური ინფლაციის გათვალისწინებითაც კი ის ერთ-ნახევარჯერ ნაკლებია. ამასთან, მარაგის ხარისხი 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა, ანუ ნავთობის მოპოვების თვითღირებულება მთელ მსოფლიოში გაიზარდა.
ნორვეგიამ გადაწყვიტა გაზარდოს ნავთობის ისედაც ჭარბი მოცულობა მსოფლიო ბაზარზე, წერს მასმედია. რადიო Sputnik-ის ეთერში ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ანალიტიკოსი იგორ იუშკოვი მსჯელობს, როგორ განვითარდება ამ შემთხვევაში მოვლენები.
საქმე ისაა, რომ ეს ნავთობი უფრო დაბალი ხარისხისაა. ამიტომ კლასიკურ სახეობებთან შედარებით იაფად იყიდება. ძვირადღირებული ტრანსპორტირების შემდეგ ნედლეულის ფასი მოპოვების ადგილზე ნულს უტოლდება.
ბევრი კომპანიის საწარმოო ხარჯიც კი მიმდინარე კოტირებებზე ნაკლებია. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთი კომპანიები? შეწყვიტონ მოპოვება და განაახლონ საქმიანობა, როგორც კი ფასები აუცილებელ ბარიერს გასცდება (მაგ., 30 დოლარს)? ზარალზე იმუშაონ? აპრილიდან ივნისამდე, IHS Markit-ის პროგნოზის თანახმად, შესაძლოა მაინც შეწყდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად დაახლოებით ათი მილიონი ბარელის მოპოვება.
სრულ თვითღირებულებაზე საუბარიც აღარ არის. კომპანიებმა უკვე განაცხადეს მომავალში ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიციების შემცირებაზე.
მოსალოდნელია მეორე ვარიანტიც - ბალანსის ხანგრძლივი აღდგენა. თუმცა ახალი შეთანხმებები დღევანდელი გადასახედიდან სწორედაც რომ დროულია. გასარკვევია პირობები.
დავუბრუნდეთ ერთი თვის წინანდელ ვითარებას და გავიხსენოთ, რა მთავარი პრეტენზია არსებობდა „ოპეკი+“ გარიგების მიმართ. ეს გახლდათ ნავთობის მოპოვების შემცირებით ნედლეულის მაღალი ფასების შენარჩუნების გზით, გარიგების მონაწილეთა მხრიდან ბაზრის წილის გადაცემა სხვა მწარმოებლებისთვის, პირველ რიგში, ამერიკელებისთვის.
დამკვირვებელთა ნაწილი სწორედ ამის გამო აკრიტიკებდა გარიგებას, მეორე ნაწილი კი უთითებდა, რომ უმნიშვნელო შემცირებას დიდი მოგება მოაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ, შემდეგ კი გამოჩნდება.
ამ ვითარებაში აშკარად ხელიდან იქნა გაშვებული კომპრომისი და ოქროს შუალედი - შეთანხმების შენარჩუნება საკვანძო მწარმოებლებს შორის, მაგრამ მოპოვების შეზღუდვის ისეთი პარამეტრებით, რომ ერთი ბარელი ნავთობის სამიზნე ფასი 50-55 დოლარის დონეზე იყო. მსგავს შემთხვევაში „ფიქალური“ ნავთობის მოპოვება აღარ გაიზრდება. როგორც ჩანს, საჭიროა იმის აღიარება, რომ „ოპეკი+“ გარიგების წარმატებამ და ერთი ბარელის ღირებულებამ - 60-70 დოლარმა - ყველას, და ჩვენც, „თავბრუ დაგვახვია წარმატებისგან“.
მაგრამ პრობლემას მხოლოდ ფიქალური ნავთობი რომ წარმოადგენდეს, შესაძლებელი იქნებოდა მოქმედი პოლიტიკის გაგრძელება. ბოლოსდაბოლოს, დროთა განმავლობაში და „ფიქალის“ მარაგის ხარისხის თანდათანობით გაუარესების პარალელურად დავინახავდით ამერიკული მოპოვების სტაბილიზაციას.
აქ კი კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც „ოპეკი+“ გარიგების ჩაშლის შემდეგ რუსმა ოფიციალურმა პირებმაც ახსენეს. გარდა ფიქალური ნავთობისა, მაღალი ფასების პირობებში ბაზარზე გამოდიან სხვა მწარმოებლებიც, პირველ რიგში, ღრმაწყლოვანი მოპოვების სფეროდან. ფიქალურისგან განსხვავებით, ეს გრძელვადიანი პროექტებია - ერთხელ გაღებული კაპიტალური ხარჯის შემდეგ ასეთ ნავთობს იაფადაც აწარმოებენ, ზარალიც რომ ნახონ, მაინც. მათი „გამოთიშვა“ ზომიერი ფასების ომით არ გამოვა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: კორონავირუსმა მოთხოვნილება უპრეცედენტოდ შეამცირა. უამრავი აშკარა მინუსის პარალელურად ის ყველას შეთანხმების უნიკალურ შესაძლებლობას უქმნის.
დღევანდელი ვითარება დისკომფორტს ბაზრის ყველა მონაწილეს შეუქმნის. ფიქალური ნავთობი ზეწოლას განიცდის. უმსხვილესმა ნავთობმომპოვებლებმა უკვე დაკარგეს კაპიტალიზაციის ნახევარზე მეტი და ხელახლა იხილავენ თავიანთ საინვესტიციო პროგრამებს (და ყველა გრძელვადიან სტრატეგიას). ჯაჭვური რეაქციით საფრთხის ქვეშაა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების სფეროც. ამ დღეებში Shell-მაც განაცხადა, რომ ტოვებს ამერიკული Lake Charles-ის თხევადი აირის წარმოების პროექტს (პროექტი მზადების ეტაპზეა).
კორონავირუსმა წერტილი დაუსვა ძველ დავებს „ოპეკი+“ ფარგლებში შემცირებების მასშტაბებზე. მაგრამ ძალაში დატოვა პრობლემა, რომ ნავთობმომპოვებლები, რომლებიც არ მონაწილეობენ გარიგებაში, მხოლოდ მაღალი ფასების უპირატესობით სარგებლობენ. და ახალ ვითარებაში პროგრამა მინიმუმი - ესაა „დიდი სამეულის“ - რუსეთი, ოპეკი, აშშ - შეთანხმება, სხვა მწარმოებლების მოზიდვა, შესაძლოა არა ქვეყნების, არამედ კონკრეტული კომპანიების სახით.
მაგრამ ნავთობის ფასების წინასწარ განსაზღვრა - უმადური საქმეა. სასიამოვნო და ადვილად აღსაქმელია მსჯელობა მოსალოდნელ ახალ გარიგებაზე. ნეგატიური სცენარის (ყველა თავისთვის, ნელი აღდგენა) დავიწყებაც არ ღირს. ნავთობი - არის თემა, რომლის განხილვისას საჭიროა მოვლენათა განვითარების მრავალი სცენარის, მათ შორის, როგორც პოზიტიურის, ისე ნეგატიურის გათვალისწინება. შავი ოქროს გაიაფება 90-იანი წლების დონემდე ერთი თვის წინ წარმოუდგენელი იყო.