მთავრობა: ქვეყანაში სურსათის საკმარისზე მეტი მარაგია

ქვეყანაში სურსათის მარაგი არის, გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან და კოორდინირებულად ვმართავთ პროცესს, აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ქვეყანაში სურსათის საკმარისი მარაგი არსებობს, რომელიც პერმანენტულად ივსება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საკოორდინაციო საბჭო:  სასურსათო პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს>>

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 ადამიანს მიაღწია. აღნიშნული ფაქტის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება და ფასები გაიზრდება.

„მარაგი არ გაქრება“ – ეკონომიკის მინისტრი მოსახლეობას მიმართავს

ჩიქოვანის განცხადებით, გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ გარკვეული შეფერხებები შეიძლება გამოიწვიოს საზღვარზე, მაგრამ ეს არაა არსებითი პრობლემა.

„ეს პრობლემა ერთ-ორ დღეში იქნება ამოწურული და შეფერხებებს არ ველოდებით. ჩვენ გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესთან. მათთან ერთად კოორდინაციით ვახდენთ მთლიანი პროცესის მართვას და დიდ გამოწვევებს არ ველოდებით“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

როგორც პრეს-სპიკერმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დაავალა, დაიწყოს ბიზნესთან კოორდინაცია, რათა შვიდ ძირითად პროდუქტზე ფასები შენარჩუნდეს და ფასების მერყეობა არ აისახოს მოქალაქეებზე.

 კორონავირუსი საქართველოში: უნდა მოვიმარაგოთ თუ არა სურსათი და მედიკამენტები>>

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.