ქართული ინტერნეტ-პროვაიდერი 270 ათასი ლარით დაჯარიმდა

თუ კომპანია კომისიის მოთხოვნებს 1 მაისამდე არ შეასრულებს, დღის წესრიგში მისი ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგება.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ქართული ინტერნეტ-პროვაიდერი Caucasus Online („კავკასუს ონლაინი“) 270 ათასი ლარით დაჯარიმდა და მას ავტორიზაციის დაკარგვა ემუქრება, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

ინტერნეტ-პროვაიდერმა საქართველოში თავისი წილი არასწორად გაყიდა>>

კომისიამ არაერთხელ გამოიტანა Caucasus Online-ის გაფრთხილების დასკვნა კომპანია „რკინიგზის ტელეკომში“ მისი წილის დარღვევით გაყიდვის გამო. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი 5%-ზე მეტი ოდენობის წილს გაყიდის, ის ვალდებულია მიმართოს კომისიას და მისგან თანხმობა მიიღოს. Caucasus Online-მა კი აქციები გაყიდა და ამის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა რეგულატორს, რითიც მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია.

ქართულ ინტერნეტ-პროვაიდერებს ავტორიზაციის ჩამორთმევა ემუქრება

კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ სიტუაციის გამოსწორების ვადა უკვე ორჯერ მისცა და დააჯარიმა პროვაიდერი მთლიანობაში 120 ათასი ლარით.

ამჯერად ეროვნულმა კომისიამ კომპანიას ვადა 1 მაისამდე მისცა.

„იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი 1 მაისამდე აღნიშნულ ვალდებულებას კვლავ არ შეასრულებს, დღის წესრიგში შესაძლოა კომპანიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Caucasus Online-მა მფლობელი 2016 წლის ოქტომბერშიც შეიცვალა, მაგრამ მაშინ ეს ცვლილება კომისიასთან შეთანხმებით მოხდა. კომპანია დაავალდებულეს, რომ აცნობოს რეგულატორს ნებისმიერი სხვა ცვლილების შესახებ და ნებართვის შემთხვევაში განაგრძოს მოქმედება. ეს შეთანხმება 2019 წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების დროს დაირღვა.

ჰოლივუდი საქართველოს კინომეკობრეობის გამო სანქციებით ემუქრება>>

„კავკასუს ონლაინი" 2006 წელს დაფუძნდა საქართველოს ინტერნეტ-სივრცეში მოქმედი მთავარი მოთამაშეების — Sanet და Georgia Online (dial up ტექნოლოგია), Caucasus Network (dsl ტექნოლოგია) და Telenet (fixed wireless ტექნოლოგია) გაერთიანების გზით.

2008 წლიდან „კავკასუს ონლაინი" 1200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. სწორედ ამ კაბელის წყალობით ხდება ინტერნეტის ტრანზიტული გადაცემა ევროპიდან სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით, რომელიც შავი ზღვის ფსკერზეა გაყვანილი, შესაძლებელი გახდა მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება ევროპიდან აზიაში.