თბილისი, 10 მარტი — Sputnik. იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს ბრძანებულება – „მე ვრჩები სახლში“, დღეიდან ამოქმედდა, ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ავრცელებს საქართველოს საელჩო იტალიაში.
იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა>>
ბრძანებულება ძალაშია 3 აპრილამდე, მოქმედებს იტალიის მთელ ტერიტორიაზე და მოიცავს:
ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება მკაცრად იკრძალება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ადგილებში.
ადამიანების ყველა გადაადგილება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება; საგანგებო სიტუაციები; ჯანმრთელობის მიზეზები; სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება.
ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრება იკრძალება, გარდა დახურულ კარს მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა.
ყველა სათხილამურო კურორტი დაკეტილია.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, გაუქმებულია ყველა კულტურული, რელიგიური, სპორტული, გასართობი და სავაჭრო ღონისძიება; ბავშვთა აღზრდის ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველა საქმიანობა შეწყვეტილია; ყველა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონია, მათ შორის დაკრძალვის პროცესია, შეწყვეტილია.
ბრძანება ასევე შეეხო ბარებსა და რესტორნებს. საქმიანობა ნებადართულია დილის 00:06 საათიდან 18:00 სთ-მდე იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას დაიცავენ; დაიშვება ყველა სხვა კომერციული საქმიანობა იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას დაიცავენ;
კვირის ბოლოს საშუალო და დიდი მაღაზიები, სპორტული დარბაზები, სპორტული ცენტრები, საცურაო აუზები, სპა–ცენტრები და გამაჯანსაღებელი კურორტები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი ცენტრები დაიხურება.
იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალს კორონავირუსი შეეყარა>>
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 115 855 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID 19-ის შემთხვევები მატულობს: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (8 042), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 500), გერმანიასა (1 281) და აშშ-ში (755). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 087 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 048 პაციენტი.