იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალს კორონავირუსი შეეყარა

© REUTERS / MANUEL SILVESTRIვენეციის კარნავალი
ვენეციის კარნავალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა და განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისში უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე.

ტედროს გებრეისუსი - Sputnik საქართველო
ძირითადი განსხვავებები COVID-19-სა და სეზონურ გრიპს შორის: ჯანმო ნიშნებს ასახელებს

საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხის თანახმად, ქალს COVID-19 დაუდგინდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

მინისტრის განცხადებით, იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა გამოვლენილი – ვირუსი დაუდგინდა ირანიდან დაბრუნებულ ორ მამაკაცს და იტალიიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქალს.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0