მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან ჩამოსული მოქალაქეების კარანტინში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს საზღვრის კვეთისას მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ახალი წესები როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება.

საქართველომ იტალიასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა

შეზღუდვების თანახმად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.

საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებული არიან, გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.

„ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ", – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

რაც შეეხება საქართველოში მოქმედ საკარანტინო სივრცეებს, ბოლო მონაცემებით, კარანტინში რჩება 162 ადამიანი.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებისთვის ემზადება

6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ცხრა ადამიანს დაუდგინდა.

ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 24 პაციენტია მოთავსებული.

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საპატიმროებში განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა>>

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებების დეზინფექცია. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.