შეინარჩუნეთ დისტანცია! ჯანდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს ვირუსისგან თავდაცვას ასწავლის

პირველი და მთავარი რეკომენდაციაა – არ მიუახლოვდნენ რესპონდენტს 1-1,5 მეტრზე ახლოს, თუნდაც ის სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებს კორონავირუსით დაავადების თავიდან აცილების მიზნით სპეციალური რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

უფრო მოკლე დროში: იაპონურმა კომპანიამ COVID-19-ის ვაქცინა შეიმუშავა>>

ჟურნალისტები ზოგადად და, კერძოდ, ქართველი ჟურნალისტები რესპონდენტებთან ურთიერთობებისას თავიანთი უშიშრობით გამოირჩევიან. ხშირად ექსკლუზიური კომენტარების ან კადრების დევნაში რეპორტიორებს საერთოდ ავიწყდებათ საკუთარი უსაფრთხოება და დისტანციის დაცვა შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან.

ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების და/ან შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქების დროს ჟურნალისტებმა/მასმედიის წარმომადგენლებმა უნდა გაითავლისწინონ და დაიცვან მარტივი რეკომენდაციები:

  1. შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე.
  2. შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით.
  3. ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.
  4. უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება - არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე შესაძლებელია მოხდეს ვირუსის ჩასუნთქვა.
  5. სამუშაო პროცისის დასრულებისთანავე რეკომენდებულია ნიღაბის მოხსნა, წინა ზედაპირის შეხების გარეშე და გადაგდება სანაგვე ყუთში.
  6. სველი წესით გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ხშირად ეხებიან (ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ვირუსი სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვა ზედაპირზე, თუმცა, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით – რამდენიმე საათს).
  7. ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგადი რეკომენდაციები:
  • ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.
  • დაუშვებელია თვალების, ცხვირისა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება.

5 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსი საქართველოში უკვე ოთხ ადამიანს დაუდგინდა: ორი ირანში იმყოფებოდა და ორიც – იტალიაში, მეოთხე შემთხვევის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.

თბილისში კორონავირუსის საფრთხის გამო საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გადაიდო>>

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 95 425 კაცს შეადგენს. აქედან 80 410 შემთხვევა მატერიკულ ჩინეთზე მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, ჩინეთის შემდეგ, პირველ ხუთეულში შედიან: სამხრეთ კორეა (5 766 ადამიანი), იტალია (3 089), ირანი (2 922) და იაპონია (331). სულ გარდაცვლილია 3 286 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 53 299 პაციენტი.