რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში თამაშის ნებართვა მოიპოვა

საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის თამაში ევროპის ერთა თასის გათამაშების ფარგლებში თბილისში 14 მარტს უნდა გაიმართოს
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. რუსეთის მორაგბეთა ნაკრების ევროპის ერთა თასის გათამაშების მატჩზე თბილისში წასვლასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს, განაცხადა რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემიევმა.

2019 წლის აგვისტოში გუნდებს თბილისში უნდა ჩაეტარებინათ ამხანაგური მატჩი, რომელიც რუსეთის რაგბის ფედერაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსულტაციების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამო გაუქმდა. საქართველოში შექმნილი აჟიოტაჟის საპასუხოდ, რომელიც ქვეყნის პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსი დეპუტატის, კომუნისტი სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოყვა, რუსეთმა საქართველოსთან 8 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს.

საქართველო-რუსეთის მატჩი რაგბში შეიძლება ჩაიშალოს >>

წლის პირველ მატჩში ქართველმა ბორჯღალოსნებმა რუმინელები გაანადგურეს

„სიტუაციასთან დაკავშირებით იძულებულები ვართ ვაწარმოოთ კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მათი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს, თბილისში შევხვდებით ტურნირის უძლიერეს გუნდს, რომლისთვის ძალიან დიდი ხანია არ მოგვიგია“, - ციტირებს არტემიევს РИА Новости.

მისი თქმით, შეიძლება წააგო, შეცდე, მაგრამ შენი ხასიათი უნდა გამოავლინო.

„პირველ რიგში ამის დანახვა გვინდა. თუ ამას დავინახავთ, ტაბლოზე ანგარიშს მნიშვნელობა არ ექნება“, - აღნიშნა არტემიევმა.

მატჩი თბილისში 14 მარტს ჩატარდება და მიმდინარე თასის გათამაშების ფარგლებში ორივე ნაკრებისთვის დასკვნითი იქნება.

მანამდე კი რუსი მორაგბეები 7 მარტს კრასნოდარში რუმინელებს შეხვდებიან. რუსეთის და რუმინეთის ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილები უკავიათ და უმაღლესი დივიზიონის გავარდნის კანდიდატები არიან.

საქართველოს ნაკრები 7 მარტს პარიზში პორტუგალიის გუნდს შეხვდება. ეს მატჩი ბორჯღალოსნებისთვის გადამწყვეტი გახდება, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ისინი ჯილდოს ვადაზე ადრე დაეუფლებიან.

საქართველოს რაგბის ნაკრებმა მადრიდში ესპანეთის გუნდი დაამარცხა

საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებები ერთმანეთს 24-ედ შეხვდებიან.  პირველად ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 1993 წელს პოლონეთში და მაშინ რუსეთმა საქართველოსთან ერთადერთი გამარჯვება 15:9 მოიპოვა.

2002 წელს რუსებმა შეხვედრის დასრულება ფრედ - 12:12 მოახერხეს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამარჯვება უცვლელად „ჯვაროსნების“ მხარეს იყო. მათ ყველაზე დიდი გამარჯვება 2012 წელს თბილისში მოიპოვეს - 46:0.

საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაში საერთო ანგარიშია 559:260, ხოლო წარმატებული ლელოს თანაფარდობაა 66:16.