თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის ტურნირის მეორე მატჩში მადრიდში ესპანეთის ნაკრებს 23:10 მოუგო.
თამაშის ბედი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც დასრულდა ანგარიშით 23:5. ბორჯღალოსნებმა პირველი ლელო უკვე მეოთხე წუთზე დადეს. მართალია, ამის შემდეგ ესპანელებმა ანგარიშში თანაფარდობა მალე აღადგინეს, მაგრამ მთლიანად მატჩზე ამას გავლენა არ მოუხდენია.
მატჩის პირველი ნახევარი 18-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე ტაიმში ქართველებმა შეტევებს მოუკლეს, დროის დიდ ნაწილს დაცვაში ატარებდნენ, თუმცა – წარმატებით. ესპანელებს გაუჭირდათ ქართველების დაცვის გარღვევა. ეს მხოლოდ ერთხელ, თამაშის ბოლო წუთზე შეძლეს. საბოლოო შედეგი 23:10 დაფიქსირდა.
მადრიდის მატჩი ორი ნაკრების დაპირისპირების ისტორიაში 21-ე იყო. აქედან ქართველებმა გამარჯვება 17-ჯერ იზეიმეს, სამჯერ – ესპანელებმა და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.
ესპანელებზე გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია დაიბრუნეს. ორი ტურის შემდეგ გუნდს ორი გამარჯვება და ცხრა ქულა აქვს. მეორე ადგილზე არიან პორტუგალიელები, ხოლო მესამეზე – რუსეთის ნაკრები.
ევროპის ერთა თასის გათამაშების ფარგლებში შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ქუთაისში, „აია არენას" სტადიონზე ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 22 თებერვალს 15:00 საათზე დაიწყება.